საერთაშორისო ბოიკოტის შედეგი: Renault რუსეთში ავტომობილების ქარხანას ხურავს

საერთაშორისო ბოიკოტის შედეგი: Renault რუსეთში ავტომობილების ქარხანას ხურავს

მიმდინარე კვირის დასაწყისში ფრანგული ავტომწარმოებლის გადაწყვეტილებას – მოსკოვში წარმოების პროცესის აღდგენის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ბოიკოტის შედეგად, გუშინ კომპანია Renault-მ რუსეთში ავტომობილების ქარხნის დახურვისა და წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„საერთაშორისო სანქციებით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად კომპანია აუცილებელ ზომებს ატარებს“, – ნათქვამია Renault-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში საწარმოო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.

„Renault-მ და სხვა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ფრანგული Renault 2016 წლიდან რუსული ავტომწარმოებლის Avtovaz-ის წილის 2/3-ს ფლობს და ქვეყნის მასშტაბით 45 000-მდე თანამშრომელს ასაქმეს. 2021 წელს Avtovaz-მა 350 000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რისი წყალობითაც Renault-მ 186 მილიონი ევროს ოდენობის მოგება მიიღო.