ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას Forbes-თან აფასებს. გვენეტაძე ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დოლარიზაციის მქონე მცირე და ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა. მათი შევსების ერთ-ერთ წყაროს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები წარმოადგენს, რომლებსაც გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ამის საშულებას იძლევა, “ანუ თუ შესყიდვა არ გამოიწვევს ჭარბ რყევებს ბაზარზე და, ამასთანავე, არ შეცვლის გაცვლითი კურსის არსებულ ტრაექტორიას”.
ბოლო მონაცემებით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 3.7 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
“აუცილებელია, რომ საერთაშორისო რეზერვების შევსება გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენით მოხდეს და მორგებული იყოს ბაზრის საჭიროებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლიდან ეროვნული ბანკმა ახალი ინსტრუმენტით, სავალუტო ოფციონებით, ვაჭრობა დაიწყო. აღნიშნული ინსტრუმენტის ძირითადი პრინციპების თანახმად, მისი გამოყენება მოხდება მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს და, ამასთანავე, ეს საბაზრო მექანიზმზე დაფუძნებული ინსტრუმენტია”, – ამბობს კობა გვენეტაძე.