ძვირად ღირებული საჰაერო მოტოციკლის შემქმნელი იაპონური სტარტაპი, ALI Technologies-ი ტოკიოს საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების პირველადი განთავსებისთვის ემზადება. კომპანიის მთავარ პროდუქტზე, XTURISMO-ზე, რომელიც $777 ათასი ღირს, ჩვენ ადრეც არაერთგზის დაგვიწერია – ეს საჰაერო მოტოციკლი 300 კილოგრამს იწონის და მას 100 კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია. მოტოციკლს სტანდარტული ტიპის ძრავა და ოთხი ელექტრობატარეა აქვს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ის შეადგენს. საწვავითა და ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის შემთხვევაში, მოტოციკლს ორმოცი წუთის განმავლობაში ფრენა შეუძლია.
„ამგვარი მოტოციკლები საჭიროა იქ, სადაც უდაბნო ან სხვაგვარი რთული ლანდშაფტი შეინიშნება“, – განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა, დაისუკე კატანომ. „ამ სატრანსპორტო საშუალებით ადამიანები ისეთ ადგილებში შეძლებენ გადაადგილებას, სადაც სამანქანო გზები არ არის, ან წყალია“. აღსანიშნავია, რომ ALI-ს საჰაერო მოტოციკლი დედამიწის ზედაპირიდან დიდი მანძილის დაშორებით ფრენისთვის შექმნილი არ არის – რეალურად, ის დიდი ზომის დრონია, რომელსაც მოტოციკლის ფორმის ზედა ნაწილი აქვს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ALI Technologies-ი ბაზარზე დრონების მწარმოებლის როლში გამოჩნდა, თუმცა 2017 წელს საჰაერო მოტოციკლის წარმოებაზე გადაერთო. იაპონურ სტარტაპს არაერთი ინვესტორი ჰყავს, მათ შორის Mitsubishi Electric-ი, Kyocera, Sega Sammy Holdings-ი, Nagoya Railroad-ი, Hakanihon Air Service-ი და ცნობილი იაპონელი ფეხბურთელი, კეისუკე ჰონდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ინვესტორები კომპანიის დრონებით დაინტერესდნენ, მაგრამ, როგორც ირკვევა, ALI Technologies-ი ხელოვნურ ინტელექტზე და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზეც მუშაობს.
იმ შემთხვევაში, თუკი ALI Technologies-ის აქციები ტოკიოს საფონდო ბირჟაზე მართლაც განთავსდება, ის იქნება პირველი კომპანია იაპონიაში, რომელიც შემდეგი თაობის საჰაერო მიმოსვლის სატრანსპორტო საშუალებებს ქმნის. ისე კი, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე ასეთი ტიპის რამდენიმე კომპანიის აქციები ივაჭრება – მათ შორის არის Joby, Archer Aviation-ი, Lilium NV-ი და Vertical Aerospace-ი. ამათგან ყველაზე დიდი Joby Aviation-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $3 მილიარდს აღემატება.
„საჰაერო მიმოსვლის სექტორში მომუშავე ამერიკაში დალისტულ კომპანიებს საკმაოდ დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ“, – განაცხადა დაისუკე კატანომ. „თუკი ჩვენს კომპანიას იმავე ტიპის კომპანიად აღვიქვამთ, ინვესტორებს დავარწმუნებთ, რომ რიგიანად შეგვაფასონ“.
როგორც ირკვევა, საფონდო ბირჟაზე დალისტვის შემდეგ, ALI Technologies-ს სურს, რომ სტარტაპი იუნიქორნად გადაიქცეს და $1 მილიარდზე დიდ საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწიოს. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სატრანსპორტო კატეგორიას შეურჩევს კომპანია საკუთარ პროდუქტს მას შემდეგ, რაც კონსულტაციებს იაპონიის ხელისუფლებასთან გაივლის.