საჯარო რეესტრის ვებგვერდს ამონაწერის Blockchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა

საჯარო რეესტრის ვებგვერდს ამონაწერის Blockchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდს ამონაწერის Blokchain-ში ძებნის ფუნქცია დაემატა. უძრავ ნივთზე მომზადებული ამონაწერის  ნამდვილობის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში გადამოწმებას მომხმარებელი დღეიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდანვე შეძლებს. უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონული მომსახურებას დაემატა ფანჯარა “ძიება ბლოკჩეინში”, რომლის საშუალებითაც მომზადებული დოკუმენტის უტყუარობის შემოწმება არის შესაძლებელი.

მომხმარებელმა დოკუმენტის ჰეშ-კოდი სპეციალურ საძიებო ველში უნდა ჩაწეროს, აირჩიოს “ძებნა ბლოკჩეინში” ღილაკი და ძიების შედეგებს დაელოდოს.

საჯარო რეესტრის ცნობით, ამონაწერის უტყუარობას ბიტკოინის ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული უნიკალური კოდების იდენტურობა მოწმობს.

გარდა საჯარო რეესტრის ვებგვერდისა, ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.com და სხვ. კვლავ შეუძლიათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან უძრავ ქონებაზე მომზადებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში 2017 წლის 20 თებერვლიდან  ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. მასში არსებული ჩანაწერები მთელ მსოფლიოში, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. ბლოკჩეინი ნებისმიერი ტრანზაქციის დაცულობას, გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მასში მოხვედრილი მონაცმების  წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას იყენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *