სახლური კერძების მიტანის სერვისი ბამბუსასგან - ახალი სტარტაპი ბაზარზე

სახლური კერძების მიტანის სერვისი ბამბუსასგან - ახალი სტარტაპი ბაზარზე

ბამბუსა ახალი ქართული სტარტაპია – მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მიტანის სერვისით დააგემოვნოს სხვადასხვა სახლური კერძი, რომელთაც მზარეულები თავიანთ სახლებში ამზადებენ. მეორე მხრივ, ბამბუსა მზარეულებს აძლევს შესაძლებლობას, გახსნან და მართონ საკუთარი ვირტუალური რესტორანი სახლიდან გაუსვლელად და მიიღონ დამატებითი შემოსავალი.

დამოუკიდებელი მზარეულებისთვის ვირტუალური სამზარეულოს შექმნის იდეა პანდემიასთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, არსებულ მდგომარეობასთან გამკლავების ყველაზე ეფექტიან საშუალებას სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირება წარმოადგენდა. შედეგად, ყოველდღიურობის რადიკალურმა ცვლილებამ თითოეული ადამიანი ახალი გამოწვევების და სირთულეების წინაშე დააყენა.

პანდემიამ არა მხოლოდ კულინარიის ინდუსტრია გახადა განსაკუთრებით აქტუალური და პოპულარული, არამედ, უამრავი ადამიანი სამსახურსა და ყოველდღიურ საქმიანობას ჩამოაშორა. სახლში გამოკეტილ ადამიანებს კი მრავალფეროვნება სჭირდებათ, როგორც გართობის, ისე კვების მიმართულებით.

სწორედ ამ სურათზე დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტა ბამბუსას გუნდმა, რომ ისეთი პლატფორმისა და სერვისის შექმნა, რომელიც ამ საჭიროებას დააკმაყოფილებდა და ამასთან, ბევრისთვის შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცეოდა, სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

ბრენდის სახელწოდება ზრდასთან არის დაკავშირებული, რამდენადაც, ბამბუსა ნიშნავს ბამბუკების ტყეს, ხოლო ბამბუკი ყველაზე სწრაფად მზარდი მცენარეა. ეს გადაწყვეტილება ხსნის ვირტუალური პლატფორმის მისწრაფებას – ბამბუსას გუნდს სჯერა, რომ თითოეული სახლის მზარეულს შესაძლოა ჰქონდეს უსაზღვრო პოტენციალი განვითარებისა და თვითრეალიზაციის, ხოლო თავად პლატფორმა იქცეს ისეთ სივრცედ, რომელსაც თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე მოირგებს.

ცხადია, საქართველოში სუფრის კულტურას უძველესი ტრადიცია და განსაკუთრებული ღირებულება აქვს და რამდენადაც მრავალფეროვანი და უნიკალურია ქართული სამზარეულო, იგი მუდმივად ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ელემენტებსა და გემოებს. თუმცა, საქართველოში ყველაზე სტანდარტული კერძიც კი თითოეულ ოჯახში განსხვავებულად მზადდება და თავისებური ელემენტები დაჰკრავს. ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ დღეს უამრავ ახალ ინფორმაციასთან, საინტერესო კერძების რეცეპტებსა და იდეებთან გვაქვს წვდომა – ინერგება ჯანსაღი კვება, ტრადიციული გემოები ახლდება, ადამიანები ახალ პროდუქტებს აღმოაჩენენ და იხვეწება კვების ტექნოლოგიაც. ამგვარი მრავალფეროვანი გარემო უფრო მეტ ადამიანს აძლევს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, მსგავს კონკურენტულ სივრცეში კი თავისდაუნებურად ხდება განვითარება, სპეციალიზაცია და საბოლოოდ ამ ინდუსტრიის უკეთესად ათვისება და წახალისება.

ბამბუსა კი შესაძლებელს ხდის ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიცია უფრო განზოგადებული სახით მივიდეს ფართო აუდიტორიამდე. ადამიანებს საშუალება ეძლევათ სამზარეულოში ფუსფუსით, რაც ყველა ქართული ოჯახისთვის დამახასიათებელია, „სუფრა გაუშალონ“ არა მხოლოდ საკუთარ წრეს, არამედ პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს „გაუმასპინძლდნენ“, საკუთარ კერძში ჩადონ ემოციური კავშირი, ნოსტალგია, გამოცდილება, გააგემრიელონ და კერძების თავისებური ვერსიით ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი. ხოლო ამავდროულად, უბრალო ყოველდღიური საქმიანობა და ჰობი ბიზნესად აქციონ, სახლიდან გაუსვლელად.

ვისთვის არის ეს პლატფორმა? ბამბუსა სოციალური პროექტია – ის ყველასთვის არის და აერთიანებს როგორც პროფესიონალ, ასევე დამწყებ მზარეულებს, ან უბრალოდ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს, ვისაც საჭმლის კეთების პროცესი სიამოვნებას ანიჭებს, აქვს საინტერესო რეცეპტები და იდეები. ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, გემრიელი კერძების ჭამა ყველას უყვარს. შესაბამისად, ცხადია ბამბუსა შექმნილია ყველა გურმანისთვის, იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ახალი სახლური კერძების გასინჯვა, უყვართ აღმოჩენები და სურთ ყოველდღიურ მობეზრებულ მენიუში სიახლის შეტანა. ბამბუსას უმთავრესი პრინციპი არა მხოლოდ მზარეულების წახალისება, არამედ მომხმარებელთან სანდო ურთიერთობის მიღწევაა, რომელიც ბამბუსას გუნდის მეთვალყურეობის გარდა, შეფასების სისტემითა და რეიტინგების შექმნით მიიღწევა. ამას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბამბუსას ლოგო, რომელზეც გამოსახული პერსონაჟი  საკვების კრიტიკოსია, მისი ტრადიციული ხასიათი და სახის გამომეტყველებაც სიმბოლურად მის დამახასიათებელ ბუნებასა და გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა სამზარეულოებში, ავთენტური გემოების აღმოსაჩენად…

ბიზნესის სახლიდან გაუსვლელად წარმოება და „ვირტუალური რესტორნის“ გახსნა მხოლოდ რამდენიმე ღილაკზე დაჭერით არასდროს ყოფილა ასე მარტივი. ამისათვის საჭიროა მარტივი პროცედურის გავლა: „შენივე რესტორნის“ მენიუს შექმნა და კერძის დამზადება, ხოლო დანარჩენ ყველაფერს ბამბუსას გუნდი გაუწევს ორგანიზებას. საკუთარ სივრცეს აპლიკაციაში თავად მზარეული და მომხმარებელი მართავენ, პროცესი კი მარტივი და გამჭვირვალეა – ზუსტად იცი ვის უკვეთავ და რას, პერსონალურად შენთვის მომზადებულ სახლურ კერძს კი ბამბუსას კურიერები სასურველ მისამართზე უმოკლეს დროში მოგართმევენ.

ბამბუსას გუნდის საწყისი მიზანი საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენაა; ამასთან, მათ სურთ მოიზიდონ სიახლის მოყვარული, გამბედავი ადამიანები, რომლებიც პლატფორმის გამოყენებით დამატებითი, დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროს შექმნას შეძლებენ. საბოლოოდ კი, ბამბუსას ისეთი სივრცის შექმნა სურს, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისად  მოირგებს.

ბამბუსას გუნდი გვპირდება, რომ ამ სიახლეებით არ შემოიფარგლებიან და დროდადრო საკუთარ მომხმარებელს მრავალ ინოვაციურ სიახლესა და პროექტის საინტერესო განვითარებას ჰპირდებიან.