ქართველმა რეჟისორმა, სალომე ჯაშმა ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდო მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კინოინსტიტუტმა გაავრცელა.
ბერლინის ხელოვნების აკადემია პრიზებსა და სტიპენდიებს აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის, ასევე ხელოვანების მხარდაჭერასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ყოველწლიურად გასცემს. ჯილდო ექვს კატეგორიაში: ვიზუალური ხელოვნება, არქიტექტურა, მუსიკა, ლიტერატურა, სასცენო ხელოვნება და კინო და მედიახელოვნება – გაიცემა.
ქართველმა კინოდოკუმენტალისტმა ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდო კატეგორიაში – კინო და მედიახელოვნება მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონია 18 მარტს, გერმანიის დედაქალაქში გაიმართება.
ცნობისთვის, სალომე ჯაში საქართველოს დოკუმენტური ასოციაცია „დოკას“ თავმჯდომარე და საქართველოს კინოინსტიტუტის კინემატოგრაფისტთა საბჭოს წევრია. ის არის რეჟისორი ფილმების, როგორიცაა „მოთვინიერება“, „დაისის მიზიდულობა“, „ბახმარო“ და სხვა.