სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა | მთავარი გზავნილები

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა | მთავარი გზავნილები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ევროპარლამენტარებსა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საპასუხო საპროტესტო ტალღაზე, დემონსტრაციების დარბევაზე, ძალის გადამეტებაზე, კანონმდებლობის გამკაცრებაზე, საჯარო სამსახურში მიღების წესების გამარტივებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან კონკრეტული ზომების მიღების აუცილებლობასაც და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონიდან გვესაჭიროება, იმიტომ რომ პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არ არის მარტო და თქვენ მხარს გვიჭერთ და ეს ევროპარლამენტარებმა გააკეთეს თბილისში ვიზიტის დროს, ეს გახლდათ ემანუელ მაკრონის ძლიერი გზავნილი, რომელიც ამას გულისხმობდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა”, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არ გაჩერდება, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს გახლავთ ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გზა, რომელიც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს.

პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება 1921 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინაშე წარმოქმნილ საშიშროებას შეადარა. „გადამწყვეტი დრო დგას, იმიტომ რომ რამდენიმე დღე და თვეა, ჩვენ, ფაქტობრივად, ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვიმყოფებით და მოვლენები მეორდება და ეს, ალბათ, ხსნის იმას, რასაც ჰქვია სიმამაცე, რომლითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავენ – ღრმა უკუსვლას მათ მომავალთან დაკავშირებით, მათ თავისუფლებასთან მიმართებით, დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.”

 

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამან თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. დემონსტრაციები უკვე მე-20 დღეა უწყვეტად გრძელდება.