საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მინისტერიალის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბრისას, უკრაინის კონფლიქტი და ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა განიხილეს.
თავდაპირველად, დასავლეთ ევროპის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრნენ მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, რომელიც მიზნად უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ისახავს. ამის შემდგომ კი ვლადიმირ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდეს. გერმანიის მთავრობის განცხადებით, თანამოსაუბრეების აზრით, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიგეგმოს.
შეგახსენებთ, რომ დონბასის რეგიონში უკრაინა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძვის. კიევის განცხადებით, კონფლიქტს 2014 წლიდან 14,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ფოტო: REUTERS/Charles Platiau