ერთი წლის განმავლობაში ტრამპის ქონება $300 მილიონით შემცირდა

ერთი წლის განმავლობაში ტრამპის ქონება $300 მილიონით შემცირდა

ფოტო: Getty Images

 

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ქონება ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით $300 მილიონითაა შემცირებული და $7 მილიარდს შეადგენს. შედეგად, Forbes 400-ის 2026 წლის რეიტინგში ტრამპი 44 პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 254-ე ადგილზეა წარმოდგენილი.

ერთი წლის წინ ტრამპის ქონება Forbes-ის რეიტინგებში ოდესმე დაფიქსირებულ რეკორდულ ნიშნულს, $7.3 მილიარდს აღწევდა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ტრამპის ფინანსური წარმატების სამი მთავარი წყარო მისი პოლიტიკური მხარდამჭერების ნდობა იყო. მათ შორის, მაღალი ნდობა ინვესტორების მხრიდან, რომლებმაც პრეზიდენტის Trump Media თავდაპირველად $5 მილიარდად შეაფასეს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ზარალმა $700 მილიონს მიაღწია.

შემდგომ იყო World Liberty Financial-ი, კრიპტოპროექტი, რომელმაც მხოლოდ 2025 წელს $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ტოკენები გაყიდა. ტრამპის ქონების ზრდაზე გავლენა იქონია $TRUMP-ის ე.წ. „მიმკოინმაც“. პროექტი პოტენციურ მყიდველებს აფრთხილებდა, რომ ტოკენები საინვესტიციო მიზნებისთვის არ იყო განკუთვნილი, თუმცა მისმა პოპულარობამ ტოკენის ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, ტრამპის მფლობელობაში არსებული ტოკენების ღირებულებამ, Forbes-ის შეფასებით, ერთ ეტაპზე $710 მილიონს მიაღწია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი სურათი რადიკალურად შეიცვალა. Trump Media-ს აქციების ფასი დაახლოებით 50%-ით დაეცა, რამაც ამ კომპანიაში ტრამპის საკუთრებაში არსებული წილის ღირებულება თითქმის $1 მილიარდით შეამცირა. დამატებით, დაახლოებით 70%-ით დაეცა TRUMP-ის „მიმკოინის“ ფასიც და ტრამპის ტოკენების საერთო ღირებულებამაც $530 მილიონით იკლო.

ამასთან ერთად, World Liberty Financial-ის ტოკენების ღირებულება დაახლოებით 75%-ით დაეცა, რამაც ტრამპის ქონება დამატებით $260 მილიონით შეამცირა. ამ და სხვა ცვლილებების გამო, საერთო ჯამში, ერთი წლის განმავლობაში, ტრამპის სიმდიდრემ $300 მილიონით იკლო.

თუმცა, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ტრამპის ქონება უფრო მეტად შემცირდებოდა, აშშ-ის პრეზიდენტს წინასწარ გარკვეული ფინანსური გადაწყვეტილებები რომ არ მიეღო. მაგალითად, Trump Media-მ კომპანიის აქციების მაღალი საბაზრო ღირებულება გამოიყენა და $1 მილიარდზე მეტი მოიზიდა. კომპანია თავდაპირველად მხოლოდ სოციალურ ქსელზე იყო კონცენტრირებული, რაც მისთვის ზარალის მომტანი აღმოჩნდა, მოგვიანებით კი კრიპტოვალუტებზე გადაერთო.

ბოლო პერიოდში Trump Media-მ კიდევ ერთი შემოსავლის წყარო შექმნა. კერძოდ, კომპანიამ Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტებისთვის ადრეული წვდომა ფასიანი გახადა. წვდომის მისაღებად გამომწერებს თვეში $60 000-დან $100 000-მდე გადახდა მოუწევთ.

ამავდროულად, World Liberty Financial-მა ბოლო წლის განმავლობაში თითქმის $2 მილიარდის ღირებულების ტოკენები და აქციები გაყიდა, საიდანაც დაახლოებით $800 მილიონი ტრამპმა მიიღო. ხოლო $TRUMP-ის ტოკენების გაყიდვებმა და სავაჭრო საკომისიოებიდან მიღებულმა წილმა პრეზიდენტს კიდევ $600 მილიონი მოუტანა.

Forbes-ის გამოთვლებით, ამ შემოსავლების შედეგად ტრამპმა თავისი ლიკვიდური აქტივების ღირებულება $1.1 მილიარდიდან $1.9 მილიარდამდე გაზარდა. სტაბილურ ბიზნესად რჩება გოლფის კლუბების ბიზნესი. გამოცემის შეფასებით, გასულ წელს ტრამპის ამერიკულ გოლფის ობიექტებზე მიღებულმა მოგებამ $110 მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 21%-იანი ზრდაა.