საქართველომ ევროპის ბიზნესანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნესანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნესანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნესანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნესანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად იმართება EBAN-ისა და სხვა ევროპული ბიზნესანგელოზთა ქსელის ორგანიზებით. კონკურსისა ფარგლებში, საქართველომ განაცხადი აპრილში შეიტანა და საბოლოო გადაწყვეტილება 30 აპრილს გახდება ცნობილი.

კონგრესის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში 500-ზე მეტ წამყვან ინვესტორსა და სტარტაპს შეკრებს. ამასთან, ადგილობრივი სტარტაპებისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ უცხოური კაპიტალის მოზიდვაში და მსოფლიო ბაზრისთვის თავიანთი იდეების წარდგენაში.

დიდი კონკურენციის ფარგლებში, საქართველოს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე მსოფლიო ბაზარზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბებისთვის. კონგრესის საქართველოში ჩატარება უცხოური სტარტაპებისა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ლოკაციად გვაქცევს და დაგვეხმარება რეგიონულ ლიდერად პოზიციონირებაში.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის ამჟამინდელი მასპინძელი არის ესტონეთის ბიზნესანგელოზთა ქსელი (EstBAN) და 2024 წლის საინვესტიციო შეკრება ესტონეთში, ტალინში გაიმართება. საქართველოს მიზანია, კონკურსში გამარჯვება მოიპოვოს და EBAN-ის თანაორგანიზებით 2025 წლის ყველაზე დიდი ევროპელ ანგელოზ ინვესტორთა შეკრება გამართოს.

ეს ინიციატივა გამოხატავს ჩვენს სურვილს, ვიყოთ ევროპის წევრი და აქტიურად დავუჭიროთ მხარი საინტერესო სტარტაპ იდეებს. საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება ევროპისკენ და ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო ევროპაა.

საბოლოო გადაწყვეტილებას სულ მალე, 30 აპრილს გავიგებთ და იმედი გვაქვს, სასიხარულო სიახლეებს გაგიზიარებთ. მანამდე კი გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა და შემოგვიერთდით #EBANCONGRESS2025INGEORGIA კამპანიაში.

Linkedin

Facebook

Instagram