2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.
ექსპორტი 1.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.8 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 0.3 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აპრილში, 3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (964.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (836.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (497.5 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 576.6 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 126.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 82.4 მლნ აშშ დოლარით (4.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 721.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 422.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 217.1 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი).