სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ამ შემთხვევაში წლიურმა ზრდამ 33% შეადგინა. მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს.
2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა. ამავე პერიოდში, აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 36%-ს შეადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 745 895 მგზავრმა ისარგებლა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა 12%-ს შეადგენს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 334 437 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის იანვარ-მარტთან შედარებით ზრდა 41%-ია.
2024 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე, 17%-იანი წილით, Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანიამ საანგარიშო პერიოდში 553 744 მგზავრი გადაიყვანა.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული:
- Wizz Air – 553 744 მგზავრი, 17%
- Turkish Airlines – 286 979 მგზავრი, 9%
- Pegasus – 262 542 მგზავრი, 8%
- Georgian Airways – 232 890 მგზავრი, 7%
- Azerbaijan Airlines – 192 773 მგზავრი, 6%