საქართველოს ენერგოპარტნიორი ქვეყნები - საიდან ვყიდულობთ და ვყიდით ელექტროენერგიას

საქართველოს ენერგოპარტნიორი ქვეყნები - საიდან ვყიდულობთ და ვყიდით ელექტროენერგიას

2018 წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 2.6-ჯერ გადააჭარბა ექსპორტს. საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტმა 1,509 მლნ.კვტ.სთ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე უმნიშვნელოდ (>1%) მეტია, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელზე – 3-ჯერ მეტი. რაც შეეხება ექსპორტს, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა 589 მლნ.კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.2%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს ქვეყნების მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  ელექტროენერგიის იმპორტის 82% აზერბაიჯანიდან განხორციელდა, 14% – რუსეთიდან, 3% – თურქეთიდან, ხოლო 1% – სომხეთიდან.

ელექტროენერგიის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი (66%) განხორციელდა თურქეთში, რუსეთში – 16%, სომხეთში – 14%, ხოლო 4% – აზერბაიჯანში. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მნიშვნელოვანი რაოდენობა წინა წლებში (2016 წელს 77% და 2015 წელს 73%) რუსეთიდან ხორციელდებოდა, ხოლო აზერბაიჯანიდან – მთლიანი იმპორტის 17-22%-მდე. რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, როგორც საანგარიშო წელს, ისე წინა წლებში, უმეტესი ნაწილი ხორციელდება თურქეთში.