საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის საზღვართან მივიდა

საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის საზღვართან მივიდა

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საზღვართან მივიდა.

აზერბაიჯანული გაზი „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, საბერძნეთის საზღვართან მივიდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის  სახელმწიფო ნავთობკომპანიის SOCAR-ის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საზღვართან მივიდა.

„გაზი, რომელიც შაჰ დენიზის საბადოდან 2018 წლის 23 იანვარს საქართველო-თურქეთის საზღვარზე მივიდა,  უკვე ევროპის საზღვარზეა“, – აღნიშნულია SOCAR-ის განცხადებაში.

კომპანიის ცნობითვე, პირველი ივლისიდან გაზსადენი სრულად მზად იქნება კომერციული გაზის ევროპისთვის მისაწოდებლადაც.

“სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტით,  საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება განხორციელდება.  გაზსადენი უკავშირდება  ტრანსანატოლიურ (TANAP) და ტრანსადრიატიკულ (ТАР) გაზსადენებს, რომლის შედეგადაც შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზი საბოლოოდ ევროპის ბაზარზე შევა.

  ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელებაა თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

“სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების“ პროექტის ღირებულება, დაახლოებით 4.9 მილიარდი დოლარია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა $2 მილიარდს უტოლდება.

slide36