საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მდგრადობის ჯილდო მიიღო. Georgian Capital PLC-ის განცხადებით, მისი შვილობილი კომპანიის, GHG-ის ჯანდაცვის ელექტრონული აპლიკაცია გარემოს დაცვითი და სოციალური მდგრადობის კატეგორიაში EBRD-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ახალი ციფრული აპლიკაცია – EKIMO – წარმოადგენს ინოვაციურ, დამოუკიდებელ და სრულად ინტეგრირებულ ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც ჯანდაცვისთვის აუცილებელ თითოეულ კომპონენტს მოიცავს: ექიმები, კლინიკები, ლაბორატორიები, რადიოლოგიური ერთეულები, აფთიაქები და სამედიცინო დაზღვევა. აპლიკაცია 2020 წლის მარტში დაინერგა და ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სერვისის ყველა პროვაიდერისა და სამედიცინო პროდუქტით მოვაჭრისთვისაა ხელმისაწვდომი. აპლიკაცია სრულიად უფასოა თითოეული მომხმარებლისთვის, ის უზრუნველყოფს წვდომას ჯანდაცვის მთლიან სისტემასთან. EKIMO-ს აპლიკაციით შესაძლებელია ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა, ონლაინანგარიშსწორება, ონლაინკონსულტაცია და სააფთიაქო მიწოდება.
აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან EKIMO-ს აპლიკაციამ უკვე მოიცვა 1,050 ექიმი და 60 კლინიკა. ის წარმოადგენს ჯანდაცვის ყველაზე დიდ ციფრულ პლატფორმას, რომელიც 133,600-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.