საქართველოს მიერ კორუფციაზე მიღებული რეკომენდაციების 70% სრულად შესრულებული არ არის

საქართველოს მიერ კორუფციაზე მიღებული რეკომენდაციების 70% სრულად შესრულებული არ არის

2019 წლის 2 ივლისს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის ანგარიში, სადაც აფასებს ქვეყნის მიერ 2016 წელს მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

IDFI-ის ინფორმაციით, შეფასების მეოთხე რაუნდში GRECO-მ შეისწავლა კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობა სამი სხვადასხვა მიმართულებით: პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა.

GRECO-ს პროცედურების თანახმად, საქართველოს მთავრობას შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველეყო მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა და აღნიშნულის შესახებ GRECO-ს სამდივნოსთვის ინფორმაციის მიწოდება. 2019 წლის დასაწყისში, საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, GRECO-მ შეაფასა 2016 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა შესაბამისობის ანგარიშში, რომელიც 2 ივლისს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული 16 რეკომენდაციიდან საქართველომ ორი წლის განმავლობაში სრულყოფილად მხოლოდ ხუთი რეკომენდაცია შეასრულა, საერთოდ არ შეასრულა სამი, ხოლო ნაწილობრივ შეასრულა რვა რეკომენდაცია.

GRECO-ს მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშით განსაზღვრული 16-დან ერთი რეკომენდაცია – ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება – ეხებოდა როგორც პარლამენტს, ასევე სასამართლოსა და პროკურატურას და ის შესრულებულად ჩაითვალა. დანარჩენი 15 რეკომენდაციიდან სამი ეხებოდა პარლამენტს:

1. საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის და ამ პროცესში საჯარო კონსულტაციების ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფა;
2. პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღება და აღსრულების უზრუნველყოფა;
3. პარლამენტის წევრების მიერ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ განაცხადის გაკეთების ვალდებულების უზრუნველყოფა.

პარლამენტის ნაწილში მიღებული სამი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად GRECO-მ არც ერთი რეკომენდაცია არ ჩათვალა. მნიშვნელოვან ხარვეზად ჩაითვალა ის, რომ კანონმდებლობა არ არეგულირებს საკანონმდებლო პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის წესს, რის გამოც, პრაქტიკა არაერთგვაროვანია და ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი ან ცვლილება შესაძლოა, საზოგადოების მიერ მათი განხილვის გარეშე იქნეს მიღებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *