საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა

2019 წლის 22 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით გააუმჯობესა და ქვეყანას ახალი შეფასება – “BB” მიანიჭა. განახლებული რეიტინგით საქართველოს ეკონომიკის პროგნოზი არის “სტაბილური”.

საქართველოს Fitch-ის სარეიტინგო სკალაზე ერთი საფეხურით წინსვლისთვის 7 წელი და 2 თვე დასჭირდა. სწორედ ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის რეიტინგი “BB მინუსი” იყო. საკრედიტო რისკი არის ალბათობა, რომ კრედიტორმა აღებული ვალდებულება ვერ შეასრულოს. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთიც. საკრედიტო რეიტინგი/ საკრედიტო ქულა მინიჭებული აქვს ყველას.

თქვენი საკრედიტო ქულა განსაზღვრავს იმას, თუ რა არის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკი გაკისრებთ. თავის მხრივ, საკრედიტო რეიტინგი აქვთ მინიჭებული იმ საფინანსო ინსტიტუტებსაც, რომლებიც სესხებს გასცემენ. ბანკისთვის საკრედიტო რეიტინგი განსაზღვრავს იმ კაპიტალის ხარისხს, რომლის მოზიდვაც მას შეუძლია. რაც უფრო მაღალია ბანკის რეიტინგი, მით მაღალია ინვესტორთა ნდობაც, რაც საფინანსო ინსტიტუტისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდას და მის მიერ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი კრედიტების შეთავაზებას იწვევს.

ნებისმიერი სესხის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს ქვეყნის რისკი წარმოადგენს. ქვეყნის სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს იმ რისკ- პრემიას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აკისრებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში საკრედიტო რესურსის გაძვირებას იწვევს.

კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, სახელმწიფოთა რეიტინგის, მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ხარისხის განსაზღვრა გაცილებით უფრო კომპლექსურ მოდელირებას ეფუძნება. ქვეყნები მათი ინსტიტუციური მდგრადობის, საშინაო თუ საგარეო რისკების მიმართ მოწყვლადობისა და მომავალში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივის მიხედვით ფასდებიან. რეიტინგს კი მიუკერძოებელი საერთაშორისო კომპანიები Fitch-ი, Standard & Poor’s-ი და Moody’s-ი აფასებენ.

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარეს, როდესაც საგარეო ფაქტორებიდან მომავალ შოკებს გაუძლეს და მათ ადეკვატური პასუხი გასცეს. ორგანიზაციის შეფასებაში ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობისთვის ქვეყნის სავალუტო რეზერვების, როგორც გარე შოკებისგან დამცავი ბუფერის, ზრდის აუცილებლობა.

Fitch-ი აღნიშნავს, რომ პრობლემურია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შედარებით მაღალი ნიშნული. იმის მიუხედავად, რომ 2018 წელს დეფიციტი 7.5%-მდე შემცირდა, ის მაინც რამდენჯერმე აღემატება “BB”-ის შეფასების მქონე სხვა ქვეყნების მაჩვენებელს. ამიტომაც, Fitch-ი საკუთარ ანგარიშში მიუთითებს, რომ დეფიციტის შემდგომმა გაუარესებამ შესაძლოა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე ნეგატიურად იმოქმედოს.

Fitch-ი საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთ გამოწვევად სამთავრობო ვალში უცხოური ვალუტის დიდ წილსა და ქვეყანაში კრედიტების დოლარიზაციის მაღალ ნიშნულს ასახელებს.

რაც შეეხება რეიტინგის შეფასებას – “სტაბილურს” – ის ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივის შესახებ საკრედიტო სააგენტოს მოლოდინს წარმოადგენს. ეკონომიკის პერსპექტივის სულ სამი შეფასება არსებობს, ესენია: “ნეგატიური”, “სტაბილური” და “პოზიტიური”. თითოეული მათგანი ასახავს საკრედიტო სააგენტოს მოლოდინს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის “სტაბილურის” სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ ახალ საკრედიტო ჯგუფ “BB”-ში ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა საშუალო მაჩვენებელზეა.

რეიტინგის ზრდის შესახებ Fitch-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის აღიარებას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა უფრო ნაკლებად რისკიანია, ვიდრე წარსულში.

Fitch-ის განმარტებით, საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელი ფაქტორები “2018 წელს საქართველოს ეკონომიკამ ნეგა  ტიური ფაქტორების მიმართ საკუთარი გამძლეობა დაადასტურა. ეკონომიკური ზრდა იყო მყარი, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო, რომ რეგიონში არსებული კრიზისის ფონზე – თურქეთის მხრიდან მომავალი ეკონომიკური შოკისა და რუსეთში საერთაშორისო სანქციების გამო გაუარესებული პირობების მიუხედავად – ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაეზარდა.

საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მეტყველებს ისიც, რომ ქვეყანა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს შემომავალი სავალუტო ნაკადების დივერსიფიცირებული არხების მეშვეობით ფარავს. ეროვნული ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსისა და წინდახედული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებით, საქართველო მწყობრი ნაბიჯებით ასრულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამით გათვალისწინებულ პუნქტებს.

საგარეო დისბალანსი კი თანდათანობით მცირდება. მართალია, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სტრუქტურულად მაინც მაღალ ნიშნულზეა, ჩვენი მოსაზრებით, ის, ნეგატიური საგარეო ფაქტორების მიუხედავად, მცირდება და 2018 წლის მდგომარეობით მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7.5%-ს მიაღწევს.

2017 წლის განმავლობაში რუსეთი და თურქეთი საქართველოს მეორე და მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ, ამასთანავე, ეს ქვეყნები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურისტების მნიშვნელოვანი ნაკადით გამოირჩევიან. 2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო, რაც ზაფხულის სეზონზე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს უკავშირდებოდა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქონლის ექსპორტიდან მიღებული გაზრდილი სავალუტო ნაკადებიც.

ჩვენ მოველით, რომ მომდევნო წლებში საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ამასთანავე, გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საპენსიო სისტემა ადგილობრივი დანაზოგების ზრდას წაახალისებს. ჩვენი პროგნოზით, საფინანსო სექტორში ამოქმედებული ცვლილებები ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპს შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში იმპორტზე დაწოლის შემსუბუქებას შეუწყობს ხელს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავარაუდოდ, 2020 წლამდე 7%-ზე მაღალი იქნება, რაც “BB-ის” შეფასების მქონე ქვეყნების დეფიციტის საშუალო მაჩვენებელს, 2%-ს, მნიშვნელოვნად აღემატება.

2018 წლის მესამე კვარტალში თურქეთის ეკონომიკას ლირის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ლირის ვარდნის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (REER) გაიზარდა. რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება ერთ- ერთი მიზეზი იყო, რის გამოც 2018 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია 2.6%-იანი იყო, რაც 2017 წელს არსებულ 6%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლები იყო.

შემცირებული ინფლაციური წნეხის გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და 2019 წლის იანვარში რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით შეამცირა. ჩვენი ვარაუდით, მონეტარული პოლიტიკის დამატებითი შერბილებაა მოსალოდნელი. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია 2019-2020 წლებში სებ- ის მიერ დადგენილი სამიზნე 3%-ის მიდამოში შენარჩუნდება.

ეკონომიკური ზრდა 2018 წელს 4.8%-ს შეადგენდა, ზრდის პერსპექტივა კი 5%-ს შეადგენს, რაც “BB” კატეგორიის საკრედიტო ქულის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – 3.1%-ს აღემატება.

2018 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 2.5% შეადგინა, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ 2.8%-იან მაჩვენებელზე დაბალი იყო. ბიუჯეტის დეფიციტის აღნიშნული დონე “BB”-ის შეფასების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. ბიუჯეტის მოსალოდნელზე ნაკლები დეფიციტი მყარმა საგადასახადო შემოსავლებმა და ინფრასტრუქტურული ხარჯების დაბალმა ათვისებამ გამოიწვია. ჩვენი პროგნოზით, ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წელს 2.6%-მდე გაიზრდება, რასაც ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაზრდილი ხარჯვა შეუწყობს ხელს.

ჩვენი პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 42.5%-მდე შემცირდება, რაც “BB” შეფასების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან – 48%-თან შედარებით დაბალია.

ვალის შედარებით დაბალი ნიშნულის მიუხედავად, საქართველოს მთლიანი სახელმწიფო ვალის 81% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რაც ქვეყანას გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ მოწყვლადს ხდის. ჩვენი მოლოდინით, სახელმწიფო ვალში საგარეო ვალის წილი მომავალში შემცირდება, რადგანაც საქართველოს ხაზინა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდას გეგმავს.

საგარეო ვალის საპროცენტო სარგებლის მომსახურებაზე საქართველოს მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლების 4.4% დახარჯა, რაც “BB”-ის შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ვალის მომსახურების ტვირთთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

2018 წელს მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) 7.4%-მდე შემცირების მიუხედავად, 2019-2020 წლებში FDI-ის ნიშნული მშპ-ის 8%-მდე გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები და ისეთი დიდი ზომის ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, როგორიც ანაკლიის პორტია. ჩვენი მოლოდინით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის განმავლობაშიც გააგრძელებს რეზერვების შევსების პოლიტიკას და 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა $3.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

რეზერვების ეს მოცულობა საკმარისია, რათა საქართველომ 3.2 თვის განმავლობაში დააფინანსოს საგადასახდელო ბალანსის ვალდებულებები (იმპორტი, საგარეო ვალის მომსახურება და სხვა). “BB “კატეგორიის მქონე ქვეყნების სავალუტო რეზერვების მოცულობა საშუალოდ უფრო მაღალია და ის ამ ქვეყნების საგარეო ვალდებულებების დაფარვას 4.2 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს.

საქართველოში ბიზნესგარემო “BB” კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით რამდენჯერმე უკეთესია. მეწარმეობისთვის ხელშემწყობ პირობებზე მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგიც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზე იმყოფება. საქართველოს წამყვანი პოლიტიკური რისკი რუსეთთან კონფლიქტს უკავშირდება.

საბანკო სექტორი მყარი და მოგებიანია, საფინანსო სფეროს კაპიტალის ხარისხი – მაღალი, ლიკვიდობის მაჩვენებელი კი ჯანსაღია. თუმცა ეკონომიკის დოლარიზაცია კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. ამასთანავე, პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს კრედიტების ზრდის განსაკუთრებულად მაღალი დონე. ფიზიკური პირების დაკრედიტებისა და იპოთეკური სესხების ზრდის ფონზე ქვეყანაში შინამეურნეობების ჭარბვალიანობა გაიზარდა, თუმცა უცხოურ ვალუტაში სესხის აღებისთვის დაწესებულმა ჭერმა, ასევე ფიზიკური პირების დაკრედიტებაში შესულმა ცვლილებებმა, მაღალი ალბათობით, სესხების ზრდის ტემპი უნდა შეამციროს.

საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესება მოხდება, თუ: შემცირდება საგარეო ფაქტორების მიმართ ეკონომიკის მოწყვლადობა, სახელმწიფო სექტორის ვალის შემცირება, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. რეიტინგის გაუარესება კი შეიძლება მოჰყვეს: საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის ზრდას, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის გაუარესებას, რეგიონში ეკონომიკური ვითარების მკვეთრ გაუარესებას ან ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაუარესებას, – წერია ანგარიშში.

წლებისგანმავლობაშიროგორიცვლებოდასაქართველოსსაკრედიტორეიტინგი

საქართველომ საკრედიტო რეიტინგი პირველად 2005 წლის დეკემბერში მიიღო, ეს Standard & Poor’s-ის შეფასება – “B+” იყო. S&P-იმ რეიტინგი მხოლოდ 2011 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით გაზარდა და საქართველოს ერთი საფეხურით მაღალი ქულა “BB მინუსი” მიანიჭა. ორგანიზაციის სკალაზე საქართველოს დღემდე ეს შეფასება აქვს.

2011 წელს Standard & Poor’s-ის მიერ რეიტინგის გაზრდიდან 24 დღეში საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაზარდა Fitch-მაც და ქვეყნის რისკიანობა “BB მინუსით” შეაფასა.

Fitch-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სინამდვილეში წარსულში დაკარგული პოზიციების აღდგენას წარმოადგენდა, რადგანაც ორგანიზაციამ საქართველოს “BB მინუსი” ჯერ კიდევ 2007 წლის 18 ივლისს, ქვეყანაში მიმდინარე რადიკალური რეფორმებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდში მიანიჭა.

2007 წელს პოლიტიკური არასტაბილურობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა დიდ ცვლილებებს განიცდიდა, რეკორდული იყო ინვესტიციების მოცულობა, ეკონომიკური ზრდა კი 12%-ს აჭარბებდა. პოზიტიური ცვლილებები იყო საფინანსო სექტორშიც, 2006 წელს “საქართველოს ბანკი” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა, ამავე წელს ქართულ საფინანსო ბაზარზე ფრანგული “სოსიეტე ჟენერალი” შემოვიდა, 2007 წლის ზაფხულში კი ბრიტანულმა საფინანსო გიგანტმა HSBC-იმ საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. Fitch-ის მიერ “BB მინუსის” მინიჭების გადაწყვეტილება სწორედ ამ მოვლენებს ასახავდა.

თუმცა რეიტინგის გაუმჯობესება მხოლოდ ერთწლიანი აღმოჩნდა, 2008 წლის 8 აგვისტოს Fitch-მა საკრედიტო რეიტინგის “B+”-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომს ერთწლიანი რეცესია მოჰყვა, 2009 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.6%-ით დაეცა. გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციები შეჩერდა, გაუარესდა ინვესტორთა მოლოდინები.

2010 წლიდან კი საქართველომ ზრდის ძველი ტემპი – 6-7% დაიბრუნა. მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ქვეყანაში არსებულმა ომის შემდგომმა ვითარებამ საქართველოს მიმართ ინვესტორთა დამოკიდებულება გააუარესა. თუმცა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების, ევროკავშირთან ურთერთობების დაახლოებისა და სტაბილური საფინანსო სისტემის გამო, 2011 წელს სარეიტინგო კომპანიებმა შეფასების გაზრდის გადაწყვეტილებები მიიღეს.

Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკა პირველად 2010 წელს შეაფასა და მას “Ba3”-ის რეიტინგი მიანიჭა. ეს შეფასება საქართველოს 7 წლის განმავლობაში ჰქონდა, სანამ 2017 წლის 11 სექტემბერს ორგანიზაციამ რეიტინგის ერთი საფეხურით გაზრდის გადაწყვეტილება არ მიიღო. Moody’-მა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველომ კარგად გაართვა თავი 2014 წელს რეგიონის მასშტაბით წარმოშობილ ეკონომიკურ შოკს, რის ფონზეც გამოჩნდა, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორსა და სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტებს კრიზისებთან ჯანსაღად გამკლავება შეუძლიათ.

შესაბამისად, ამ დროისთვის ერთადერთი სარეიტინგო სააგენტო, რომელიც ქულის გაუმჯობესებისგან თავს იკავებს, Standard & Poor’s-ია.

ქვეყნის მიმართ ინვესტორთა ნდობას სხვა ფაქტორებთან ერთად საკრედიტო რეიტინგიც განსაზღვრავს. ეს არის ინდექსი, რომელიც 360 გრადუსით აფასებს ქვეყნის ეკონომიკას – ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით დაწყებული, ინსტიტუტების მდგრადობით დასრულებული.

განახლებული რეიტინგით საქართველოს კვლავ საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელი რეიტინგი აქვს. Fitch-ის “BB” კატეგორია სულ 6 ქვეყანას – საქართველოს, გვატემალას, მაკედონიას, სერბეთს, თურქეთსა და ვიეტნამს აქვს მინიჭებული. ამ ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ $5,520 დოლარია, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე კი ამ მაჩვენებელზე 18%-ით დაბალია და $4,505 დოლარს შეადგენს.

Fitch-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება მოხდება მაშინ, თუ ქვეყანა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მოახერხებს. შესაბამისად, საქართველო ერთ მოსახლეზე სიმდიდრის მაჩვენებლით ჯერ “BB” კატეგორიის საშუალოს უნდა დაეწიოს, რეიტინგის ზრდისთვის კი მინიმუმ “BB+”-ის კატეგორიის სიმდიდრის მაჩვენებელზე უნდა ავიდეს.

 Fitch-ის რეიტინგი “BB+” დღეის მდგომარეობით სულ ექვს ქვეყანას: აზერბაიჯანს, ხორვატიას, ნამიბიას, ომანს, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკას აქვს მინიჭებული. ამ ქვეყნებში ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო მაჩვენებელი $9,468 დოლარია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ რეიტინგში წინსვლისთვის, სხვა ცვლილებებთან ერთად, ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი უნდა გაზარდოს.

Fitch-ის სკალაზე საქართველოს ერთი პოზიციით წინსვლისთვის 7 წელი დასჭირდა. თუ პროგრესი აღნიშნული ტემპით გაგრძელდა, მაშინ “BB+”-ის რეიტინგი ქვეყანამ შესაძლოა, 2026 წლამდე ვერ მიიღოს. “BB” შეფასებაზე გადასვლის მიუხედავად, საქართველოს რეიტინგი კვლავ “სპეკულაციური” და “არასაინვესტიციო” კატეგორიის ქულას განეკუთვნება, რომელსაც სხვაგვარად ე.წ. “Junk” ბონდებსაც უწოდებენ. Fitch-ის სკალის მიხედვით, “არასპეკულაციური” კატეგორიის ინდექსი “BBB მინუსიდან” იწყება, რომლისგანაც საქართველოს ახლა სულ ორი საფეხური აშორებს. რაც შეეხება საუკეთესო ქულას – “AAA”-ს, მისგან საქართველო 11 საფეხურით შორს დგას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *