კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 4.9%-ით შემცირებას ელოდება. საქართველოს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა ჯამურად 5.8%-ით შემცირდება. ფონდი საქართველოს ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება. რეალურად, რამდენად დაზარალდება საქართველო, ეს შიდა პროცესებზე არანაკლებ დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით,- ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მდგომარეობაზე, რომლებიც არამხოლოდ ექსპორტ-იმპორტის მხრივ არიან ჩვენი მთავარი მოკავშირეები. აღნიშნული ქვეყნები ინვესტიციების შემოტანის, ტურისტების რაოდენობისა და ფულადი გზავნილების მოცულობითაც ლიდერობენ.
სტატიაში მოკლედ განვიხილავთ 2019 წლის მიხედვით ტოპ-10 სავაჭრო ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.
თურქეთი
საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 200 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 1.6 მილიარდი დოლარი იყო.
თურქეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 222 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 6,500-მდე ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს თურქეთის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. ამასთან ერთად, თურქეთს მაღალი ინფლაციის პრობლემაც აწუხებს, რომელიც წლის ბოლოს 12%-ს მიაღწევს. უმუშევრობის დონე 17.2%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 7.5% იქნება. თურქული ლირა წლის დასაწყისიდან 15%-ით არის გაუფასურებული აშშ დოლარის მიმართ.
თურქეთმა 14.5-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი სოციალური დახმარებების ზრდა და საკრედიტო საგარანტიო ფონდების შექმნაა. ასევე, გადასახადების გადახდა გადაუვადდა ტურისტული სექტორის კომპანიებს. თურქეთის სახელმწიფო ფონდმა პრობლემურ კომპანიებში წილების შესყიდვა დაიწყო, რომ ისინი გაკოტრებას გადაარჩინოს. ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.75%-დან 8.25%-მდე შეამცირა.
რუსეთი
თურქეთის შემდეგ საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 500 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი მილიარდი დოლარი იყო. რუსეთშიც მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 800 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 13,000-მდე ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს რუსეთის ეკონომიკა 6.6%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 4%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 7%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 5%-მდე იქნება. რუსული რუბლი წლის დასაწყისიდან 16%-ით არის გაუფასურებული აშშ დოლარის მიმართ.
რუსეთმა 58-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი უმუშევრების დახმარება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება, გადასახადების გადახდის გადავადება და სტრატეგიული (ძირითადად სატრანსპორტო და მძიმე მრეწველობის) კომპანიების სუბსიდირებაა. ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6%-დან 4.5%-მდე შეამცირა.
ჩინეთი
სიდიდით მესამე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 223 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 859 მლნ დოლარი იყო. ჩინეთი კორონავირუსის სამშობლოა, მაგრამ დიდი ქვეყნებიდან მან პირველმა დააღწია თავი ვირუსის გავრცელებას. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 83,700-მდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 4,700-მდე ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს ჩინეთის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი ჩინეთისთვის ბოლო 40 წლის მინიმუმია. ინფლაცია 3%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 11.2%-მდე იქნება. ჩინური იუანი წლის დასაწყისიდან 2%-ით არის გაუფასურებული აშშ დოლარის მიმართ.
ჩინეთმა 600-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი ეპიდსიტუაციის პრევენცია და კონტროლი, სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება, უმუშევრების დახმარება, საგადასახადო შეღავათების დაწესება და სახელმწიფო ინვესტიციების ზრდაა. ცენტრალურმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის ზრდისთვის ტრილიონ დოლარამდე დამატებითი ფინანსური რესურსი მიაწოდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.15%-დან 3.85%-მდე შეამცირა.
აზერბაიჯანი
სიდიდით მეოთხე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი აზერბაიჯანია, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 509 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 559 მლნ დოლარი იყო. აზერბაიჯანშიც მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 29 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 385 ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.2%- ით შემცირდება, ინფლაცია კი 3.3%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 5%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 13%-მდე იქნება. აზერბაიჯანული მანათის კურსი აშშ დოლარის მიმართ არ შეცვლილა, რადგან ქვეყანას მართვადი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს.
აზერბაიჯანში კრიზისის გამო ოთხმა ბანკმა შეაჩერა საქმიანობა. აზერბაიჯანმა 2-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი ახალი სამედიცინო ცენტრების მოწყობა, მცირე ბიზნესისა და უმუშევრების დახმარება, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, სოციალური დახმარებების ზრდა და პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაა. ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად – 7.25%-ის დონეზე დატოვა, თუმცა საფინანსო სექტორს რეგულაციები შეუმსუბუქა.
ამერიკის შეერთებული შტატები
სიდიდით მეხუთე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი აშშ- ა, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 811 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 132 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 679 მლნ დოლარი იყო.
აშშ- შიც მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 4 მლნ-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 145 ათასამდე ადამიანი კი გარდაიცვალა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს აშშ- ის ეკონომიკა 8%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 0.6%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 10.4%-მდე გაიზრდება. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 15.5%-მდე იქნება.
აშშ- მა 2.3-ტრილიონდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი კომპანიების სუბსიდირება, ფიზიკური პირებისთვის გადასახადების გადავადება, სოციალური დახმარებები, სამედიცინო დაწესებულებების დახმარება და საერთაშორისო დახმარებების გაწევაა. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0-0.25%-მდე შეამცირა.
სომხეთი
სიდიდით მეექვსე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი სომხეთია, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 700 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 433 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 267 მლნ დოლარი იყო.
სომხეთშიც მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 35,700-მდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 680 ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს სომხეთის ეკონომიკა 1.5%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 1.6%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 19%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 5%-მდე იქნება. სომხური დრამი წლის დასაწყისიდან 1%-ით არის გაუფასურებული აშშ დოლარის მიმართ.
სომხეთმა 138-მილიონდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი საბანკო ვალების მომსახურებისთვის და დასაქმებულების შესანარჩუნებლად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სუბსიდიების გაცემა და უმუშევრად დარჩენილების ფულადი დახმარებით უზრუნველყოფაა. ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.25%-დან 4.50%-მდე შეამცირა.
უკრაინა
სიდიდით მეშვიდე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი უკრაინაა, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 667 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 251 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 416 მლნ დოლარი იყო.
უკრაინაშიც მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 61 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 1,540 ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს უკრაინის ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 8%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 10.4%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 15.5%-მდე იქნება. უკრაინული გრივნა წლის დასაწყისიდან 18%-ით არის გაუფასურებული აშშ დოლარის მიმართ.
უკრაინამ 2.5-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი კომპანიებისთვის საგადასახადო ჯარიმების პატიება, საგადასახადო შემოწმებებზე მორატორიუმის გამოცხადება, გადასახადების გადახდის გადავადება, სუბსიდიების გაცემა, სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასების გაზრდა, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის პენსიის გაზრდა და უმუშევრების დახმარების ზრდაა. ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-დან 6%-მდე შეამცირა.
გერმანია
სიდიდით მერვე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი გერმანიაა, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 556 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 54 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 502 მლნ დოლარი იყო.
გერმანიაში პანდემიის პიკმა გადაიარა, თუმცა ქვეყანამ საკმაო დანაკარგი ნახა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 204 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 9 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს გერმანიის ეკონომიკა 7.8%- ით შემცირდება, ინფლაცია კი 0.2% იქნება. უმუშევრობის დონე 4%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 5.5%-მდე იქნება. ევრო წლის დასაწყისიდან 2.2%-ით არის გამყარებული აშშ დოლარის მიმართ.
გერმანიამ 286-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა, ჰოსპიტალების გაფართოება, სოციალური დახმარებების გაზრდა, მცირე ბიზნესისა და თვითდასაქმებულებისთვის გრანტების გაცემა, სტარტაპების დაფინანსება, უმუშევრების დახმარების ვადის დროებით ზრდა და საკრედიტო- საგარანტიო ფონდების შექმნაა. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0%-დან -0.5%-მდე შეამცირა.
ბულგარეთი
სიდიდით მეცხრე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ბულგარეთია, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 409 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 284 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 125 მლნ დოლარი იყო.
ბულგარეთი კარგად გაუმკლავდა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 9 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 313 ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს ბულგარეთის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 1%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 8%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 3%-მდე იქნება. ბულგარული ლევი წლის დასაწყისიდან 2.8%-ით არის გამყარებული აშშ დოლარის მიმართ.
ბულგარეთმა 2-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ხელფასის 60%-ის გადახდა, კორპორაციული გადასახადების გადავადება, ექიმებისთვის ხელფასის გაზრდა, რესტორნებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის 20%-დან 9%-მდე შემცირება და სტუმარმასპინძლობის სექტორში სამუშაო ადგილების შენარჩუნების სუბსიდირებაა (170-დოლარიანი დახმარება ერთი დასაქმებულისთვის თვეში). ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0%-ზე შეინარჩუნა, გაზარდა ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდება და გარკვეული რეგულაციები შეამსუბუქა.
რუმინეთი
სიდიდით მეათე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი რუმინეთია, რომელთანაც 2019 წელს სავაჭრო ბრუნვამ 390 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი – 178 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 212 მლნ დოლარი იყო.
რუმინეთი თავიდან კარგად გაუმკლავდა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, მაგრამ ივნისიდან ვირუსი საკმაოდ გავრცელდა. 22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 40 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, 2,100 ადამიანი კი გარდაიცვალა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს რუმინეთის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 2.2%-მდე იქნება. უმუშევრობის დონე 10%-მდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი კი მშპ-ის 9%-მდე იქნება. რუმინული ლეუ წლის დასაწყისიდან 1.6%-ით არის გამყარებული აშშ დოლარის მიმართ.
რუმინეთმა 5-მილიარდდოლარიანი ფისკალური დახმარების პროგრამა შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების ზრდა, პრობლემური დამსაქმებლებისთვის ხელფასების ნაწილის დაფინანსება, საკრედიტო- საგარანტიო ფონდის შექმნა, დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების დაჩქარება, ქონების გადასახადის გადახდის 3 თვით გადავადება და სამედიცინო სექტორის გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებაა. ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.5%-დან 1.75%-მდე შეამცირა და ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდება გაზარდა.