საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს

7 დეკემბერს, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და არჩევნები ჩატარდა.

სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად – ირაკლი ბაიდაშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად – მაიკლ ქოუგლი, ვიცე პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე კი გიორგი თხელიძე აირჩიეს.

ირაკლი ბაიდაშვილი აქამდე სავაჭრო პალატაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი – მაიკლ ქოუგლი აქამდე AmCham-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციას იკავებდა; თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე – გიორგი თხელიძე კი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას.

არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრებიც:

· კოლინ დონოჰი – ოპტიმალ დიჯიტალი
· აიტენ ჰაჯიევა – BP საქართველო
· ოთარ ყიფშიძე – დენტონს საქართველო
· კრეიგ კრამერი (ახლად არჩეული) – Gulf Georgia
· იორდი კუიჯტ – Silk Hospitality/Radisson
· სანდრო შელია – CAI International
· ქეთი ქვარცხავა – იურიდიული ფირმა – BLC
· გიორგი სვანაძე (ახლად არჩეული) – იურიდიული ფირმა – MG Law
· სარა უილიამსონი პრეზიდენტის ემერიტუსად და საბჭოს საპატიო წევრად აირჩიეს
· ბეტსი ჰასკელიც ასევე საბჭოს საპატიო წევრად იქნა დამტკიცებული

ბორდის წევრების არჩევა, 2 წლის ვადით, არჩევნების გზით ხდება. წლევანდელ არჩევნებში სავაჭრო პალატის 112-მა წევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა საქართველოში, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების დამცველს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და საქართველოს შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

ამერიკის სავაჭრო პალატაში შემდეგი მიმართულებების კომიტეტები ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მშენებლობა და უძრავი ქონება, განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, ინოვაციები და მეწარმეობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *