საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უძრავი ქონების ფასების ინდექსის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის კვარტლურმა ზრდამ 5.5% შეადგინა, ხოლო წლიური ზრდა – 15.6%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9%-ითაა გაზრდილი.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემები მოიცავს ქალაქ თბილისს და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა როგორც ბინების, ასევე კერძო სახლების სეგმენტში, შესაბამისად 5.2%-ითა და 6.2%-ით. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, წლიურმა ზრდამ ბინებში 15.7%, ხოლო კერძო სახლებზე 13.4% შეადგინა.
2023 წლის მესამე კვარტალში, თბილისის უბნების მიხედვით, როგორც ბინებზე, ასევე კერძო სახლებზე, 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი მთაწმინდის ტერიტორიაზეა – შესაბამისად ₾5,314 და ₾4,049, ,შემდგომ მოდის ვაკე და საბურთალო. ყველაზე დაბალი ღირებულება კი, ბინების შემთხვევაში სამგორშია (₾2,892), კერძო სახლების შემთხვევაში კი გლდანში – ₾2,192.