საქართველოც და რეგიონის სხვა ქვეყნებიც ვირუსის შემცირებას ერთ პერიოდში შეძლებენ – ამის შესახებ Recov.ge-ს მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც პლატფორმაზე განთავსებულ მიმოხილვაში წერია, ვირუსის გავრცელების ტრენდზე დაკვირვება რეკომენდებულია მეასე ინფიცირებულიდან.
მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ვირუსის გამწვავებიდან დაახლოებით 50-60 დღის შემდეგ ახერხებენ ვირუსის შეკავებას, რასაც ადასტურებს ჩინეთის მაგალითი და ასევე, იტალიასა და ესპანეთში ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობის შემცირება.
„საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები მეასე ინფიცირებულიდან დაახლოებით ერთ პერიოდში არიან (გასულია 4-6 კვირა), შესაბამისად მოსალოდნელია, რომ საქართველოც და რეგიონის სხვა ქვეყნებიც პიკის გადატანასა და ვირუსის შემცირებას ერთ პერიოდში შეძლებენ. ამ ეტაპისთვის, რეგიონის ქვეყნებს შორის ვირუსის გავრცელების ყველაზე სწრაფი ტემპი და დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობა თურქეთში და რუსეთში აღინიშნება, ხოლო ყველაზე დაბალი დღიური ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოშია“, – წერია მიმოხილვაში.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში – 3538, აზერბაიჯანში – 2 589, თურქეთში – 139 771, ხოლო რუსეთში – 232 243.