საქსტატი: იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.2%-ით გაიზარდა

საქსტატი: იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16.2%-ით აღემატება.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტზე 1.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოდის, ხოლო იმპორტზე – დარჩენილი 4.2 მილიარდი აშშ დოლარი. პირველ შემთხვევაში წლიურ ჭრილში 5.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მეორე შემთხვევაში კი – 20.1%-იანი.

შესაბამისად, 2025 წლის იანვარ-მარტში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1%-ს შეადგენს.

დეკომპოზიცია თვეების მიხედვით ასეთია:

  • იანვარი: ექსპორტი – $403.9 მილიონი, იმპორტი – $1.679 მილიარდი. ბრუნვა – $2.08 მილიარდი. სალდო – -$1.275 მილიარდი.

  • თებერვალი: ექსპორტი – $431.5 მილიონი, იმპორტი – $1.135 მილიარდი. ბრუნვა – $1.566 მილიარდი. სალდო – -$703.8 მილიონი.

  • მარტი: ექსპორტი – $565.8 მილიონი, იმპორტი – $1.403 მილიარდი. ბრუნვა – $1.968 მილიარდი. სალდო – -$837.3 მილიონი.