საქსტატი: იანვარში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.9%-ით გაძვირდა

საქსტატი: იანვარში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.9%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა, წლიურ ჭრილში კი 5.9%-ით გაიზარდა.

საქსტატის დაკვირვებით, თვიურ ჭრილში ცვლილება, დიდწილად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 21.3%-იანი კლებით იყო განპირობებული. ამან -4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

რაც შეეხება ცვლილებას წლიურ ჭრილში, საქსტატის განცხადებით, ის „გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 22.2-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.6-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 3.47 და 2.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“.

საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 2.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 9.3 პროცენტით გაიზარდა. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 9.3 პროცენტით შემცირდა, წლიურ ჭრილში კი 2.0 პროცენტით. დაბოლოს, სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით შემცირდა, გასული წლის იანვართან შედარებით კი 5.4 პროცენტით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 18.8%-ით არის გაზრდილი.