საქსტატი: საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა

საქსტატი: საქართველოში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის 2021 წლის იანვარ-აგვისტოს წინასწარი შედეგები წარადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და $2.6 მილიარდი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ 28.7%-ით გაიზარდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი) და $1.9 მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 72.7%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში უმსხვილესი ქვეყნების წილმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 79.5% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების პირველი სამეული კვლავ არ შეცვლილა, მათი წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში უფრო გაიზარდა. შესაბამისად, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ისევ ჩინეთი (400.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (344.1 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (200.8 მლნ აშშ დოლარი) არიან.

გარდა ამისა, საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ამერიკის შეერთებული შტატების წილი 2.7%-დან 4.7%-მდე და $88,4 მილიონს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო პოზიციების გადანაწილებას, პირველ ადგილს კვლავ სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს   $517.9 მილიონით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.3%-ია. მეორე და მესამე ადგილებზე კი ფეროშენადნობები ($265.5 მლნ) და ყურძნის ნატურალური ღვინოებია ($143.7 მლნ) წარმოდგენილი, შესაბამისად 14%-ითა და 7.6%-ით.