საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში მშპ 15.9 მლრდ ლარს გაუტოლდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში მშპ 15.9 მლრდ ლარს გაუტოლდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლის მე-2 კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. 2021 წლის II კვარტალში მშპ-ის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 15 912.7 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება რეალური მთლიანი პროდუქტის მაჩვენებელს, ის 29.9 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებზე. მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ მშპ-ის დეფლატორი 10.3%-ითაა გაზრდილი.

წინასწარი მონაცემებით, შესაბამისად ზრდა შეინიშნება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაშიც. 2021 წლის მე-2 კვარტალში მან 4 267.8 ლარი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი კი 2020 წლის მე-2 კვარტალში 2 990.2 ლარს უტოლდებოდა.

2021 წლის მე-2 კვარტალის მშპ-ის მონაცემების ზრდაში საკუთარი წვლილი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სახემ შეიტანა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი რამდენიმე კონკრეტულმა სექტორმა ითამაშა. საბითუმო და საცალო ვაჭრობის მაჩვენებელი 53.9%-ით გაიზარდა. ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორის შემოსავლები კი 133.6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი ზრდის მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ გარკვეულ სექტორებში კლებაც დაფიქსირდა. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების შემოსავლები 2.3%-ით შემცირდა, ხოლო განათლების სექტორის – 1.4%-ით.

განსხვავებულ ვითარებას ვხვდებით დარგობრივ სტრუქტურაშიც. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდ როლს ვაჭრობა თამაშობს 15.9%-ით. შემდეგ კი 11.6%-ით დამმუშავებელი მრეწველობა მოდის.

საქსტატის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემები 2021 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.