ჯიბის კალკულატორის გამომგონებელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯიბის კალკულატორის გამომგონებელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

გამომგონებელი სერ კლაივ სინკლერი, რომელიც სახლის კომპიუტერს უწევდა პოპულარიზაციას და რომელმაც ჯიბის კალკულატორი შექმნა, ლონდონში, საკუთარ სახლში, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქალიშვილის, ბელინდა სინკლერის, განცხადებით, მამის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც მეცნიერი მრავალი წლის განმავლობაში ებრძოდა.

სერ კლაივ სინკლერის გამოგონებათა შორისაა  ZX სერიების კომპიუტერები და C5 ელექტრომანქანა. მისი ქალიშვილის განცხადებით, მეცნიერი საკუთარ გამოგონებებზე სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მუშაობდა, რადგან ეს საქმე განსაკუთრებით უყვარდა.

მის მიერ გამოგონებულმა ZX სპექტრის კომპიუტერმა პერსონალური კომპიუტერი ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი გახადა – ის მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად მილიონობით ეგზემპლარის ოდენობით იყიდებოდა.

თუმცა საინტერესოა, რომ 2013 წელს BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში სერ კლაივ სინკლერმა განაცხადა, რომ ის თავად კომპიუტერს არ იყენებს.

1973 წელს სინკლერის მიერ რადიომიმღებების გაყიდვით დაფუძნებულმა კომპანიამ, Sinclair Radionics-მა პირველი ჯიბის კალკულატორი გამოუშვა.

განსხვავებით მის მიერ შექმნილი ZX კომპიუტერისაგან, მისი მეორე გამოგონება C5 ელექტროავტომობილი  წარუმატებელი აღმოჩნდა. გამომგონებელმა აღნიშნული მოდელი 1985 წელს ჩაუშვა წარმოებაში, თუმცა მომხმარებლები მისი დაბალი სიჩქარისა და გაწევის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ამან კი სერ კლაივ სინკლერს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

სერ კლაივ სინკლერს სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *