„საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარზე“ - რეპროდუქციული კლინიკების შემოსავლები საქართველოში

„საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარზე“ - რეპროდუქციული კლინიკების შემოსავლები საქართველოში

საქართველოში რეპროდუქციული კლინიკები, რომლებიც სუროგაცია/დონაციაზე მუშაობენ, წლის განმავლობაში ათასობით უცხოელ პაციენტს ემსახურებიან, ჯამში საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარზე, – ამის შესახებ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) დირექტორმა გიორგი არჩვაძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

არჩვაძის თქმით, მხოლოდ მისი კლინიკა წელიწადში მინიმუმ 120-150 უცხოელ პაციენტს ემსახურება, თითოეული საშუალოდ 30,000 დოლარს იხდის, აქედან დაახლოებით ნახევარზე მეტს სუროგატი დედა იღებს, დანარჩენი კი კლინიკაში რჩება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბიზნესი საქართველოში საკმაოდ წარმატებულია და დაინტერესება უცხოელი პაციენტების მხრიდან დიდია, გიორგი არჩვაძე ყურადღებას სწორი რეგულაციების მნიშვნელობაზე ამახვილებს.

„პირველი და უმნიშვნელოვანესი – სწორი რეგულაციებია… ჯამში საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარზე, რაც შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ ერთი არასწორი რეგულაციის გამო“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სუროგაციის მიმართულებით საქართველოს ძალიან კარგი კანონმდებლობა აქვს, – „ყველას – მშობლის, დონორის, სუროგატი დედის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული. ამიტომაც ჩამოდის უცხოელი საქართველოში. ამიტომაცაა საჭირო ნორმალური რეგულაციები – ყველა დეტალი სწორად და სამართლიანად უნდა იყოს დარეგულირებული“, – ამბობს ის.

ცნობისთვის, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი საქართველოში ორი წელია, ოპერირებს. კლინიკაში ამჟამად ხელოვნური განაყოფიერების და გინეკოლოგიის მიმართულებებია, უახლოეს მომავალში კი გეგმავენ დამატებითი შენობის ყიდვას და ისეთი სერვისების დამატებას, როგორიცაა სტომატოლოგია და პლასტიკური ქირურგია.