Saudi Aramco-მ ჩინურ BYD-ისთან ერთობლივი განვითარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

Saudi Aramco-მ ჩინურ BYD-ისთან ერთობლივი განვითარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

საუდის არაბეთში დაფუძნებული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს განცხადებით, ელექტრომობილების ჩინურ მწარმოებელ BYD-ისთან ერთობლივი განვითარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შეთანხმება ორი კომპანიის მიერ ახალი ენერგეტიკული სატრანსპორტო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით კოლაბორაციას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, Saudi Aramco-ს ძალისხმევა მწვანე ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. შესაბამისად, ჩინურ BYD-ისთან შეთანხმებას ხელი Aramco-ს ერთ-ერთმა დანაყოფმა SATC-მა მოაწერა, რათა ავტომობილების ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარამეტრების გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირის წინ საუდის არაბეთის მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ საზოგადოებას ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მაც აუწყა. ილონ მასკს 2025 წლის პირველ კვარტალში 13%-ით შემცირებული გაყიდვების გასაზრდელად, როგორც ჩანს, ახალი ბაზრის ათვისება სურს.

საუდის არაბეთის სამეფოს ამბიციური მიზანი აქვს, რომ ელექტრომობილების ადაპტაციის მაჩვენებელი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 1%-დან 30%-მდე გაზარდოს. თუმცა ქვეყანა აღნიშნული მიზნის მიღწევისგან ჯერ საკმაოდ შორსაა. ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინფრასტრუქტურული ჩამორჩენა წარმოადგენს. მაგალითად, 2024 წლის მონაცემებით მთელ ქვეყანაში მხოლოდ 101 ელექტროსადგური აღირიცხებოდა. სწორედ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, საუდის არაბეთის სამეფო ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა ამერიკული Tesla და ჩინური BYD-ი. Tesla-მ უკვე დააანონსა გეგმა, რომლის მიხედვითაც საუდის არაბეთის მთავარ ქალაქებში ელექტრომობილების დასამუხტ სადგურებს ააშენებს და ონლაინგაყიდვების პროგრამებს დაიწყებს.