საუდის არაბეთი უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტებს აღარ გააფორმებს, თუ მათ რეგიონული ოფისი არ ექნებათ

საუდის არაბეთი უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტებს აღარ გააფორმებს, თუ მათ რეგიონული ოფისი არ ექნებათ

საუდის არაბეთი იმ უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტებს აღარ გააფორმებს, რომელთაც ამ ქვეყანაში რეგიონული ოფისი არ ექნებათ. ამ გადაწყვეტილების აღსრულება 2024 წლიდან იგეგმება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საუდის არაბეთის ახალი პოლიტიკის მიზანს უცხოური კომპანიების წახალისება წარმოადგენს, რათა მათ ქვეყანაში გახსნან წარმომადგენლობა. ეს კი ადგილობრივად სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

„ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ათასობით მოქალაქეზე, მათთვის სამუშაო ადგილის შექმნის თვალსაზრისით, ასევე პროფესიონალების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ეს განავითარებას ქვეყანას და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს“, – დაწერა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა Twitter-ზე.

უცხოური კომპანიები წლების განმავლობაში საუდის არაბეთის მეზობელ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს იყენებდნენ რეგიონული ოპერირების ერთგვარ ტრამპლინად. ახლა კი მათ საუდის არაბეთში მოუწევთ წარმომადგენლობაზე ზრუნვა, რაც ამ ქვეყნის მთავრობის მოლოდინით, გაზრდის კაპიტალის რაოდენობას, სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობას და იმის გარანტიას მისცემს ქვეყანას, რომ პროდუქტი და სერვისები, რასაც მთავრობა იყიდის, ადგილობრივი  წარმოების იქნება.

მიმდინარე თვის დასაწყისში ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში უკვე 24-მა უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა რეგიონული ოფისის გახსნის სურვილი. მათ შორის არიან PepsiCo და Tim Hortons.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი პირობას დებს, რომ გახსნის ქვეყანას და ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე იზრუნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *