სებ ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებს

სებ ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებს

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდება და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იქნება. 

სებ-ის გათვლებით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა 3%-ზე და, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ინფლაციის დონის ამ ნიშნულზე დამიზნებით ხელს შეუწყობს მომავალში ინფლაციის მოლოდინების შემცირებასა და ზოგადად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. ამასთან, ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ინფლაციის შემცირებისკენ ერთობლივი მოთხოვნაც უბიძგებს, რადგან ეკონომიკური აქტივობა, გაუმჯობესების მიუხედავად, ჯერ კიდევ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს. 

“პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ს ზრდა 2017 წელს 4%-ის, ხოლო 2018 წელს 4,5%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა, ამავე პროგნოზით, წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი უარყოფითი რისკ ფაქტორების გავლენა და თუ საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, მოსალოდნელია, რომ მშპ-ს ზრდამ 2017 წელს 4%-ს გადააჭარბოს. ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება და ზოგადად დაგეგმილი ფისკალური სტიმული ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ საგარეო სექტორში არსებული სირთულეების განეიტრალების ფონზე, წმინდა ექსპორტი გაუმჯობესდება და 2017 წელის რეალური მშპ-ს ზრდაში დადებით წვლილს შეიტანს”, – განმარტავს ეროვნული ბანკი. მშპ-ს პროგნოზის რისკებში, მთავარი ადგილი კვლავ საგარეო სექტორს უკავია. სებ-ის ცნობით, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების გაუარესება საქართველოსაც გადმოეცემა. მეორე მხრივ, თუკი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გამოყენება ან საინვესტიციო პროექტების დაჩქარება და ბიზნესის განწყობა მოლოდინებზე მეტად გაუმჯობესდა მაშინ მშპ-ს ზრდა სებ-ის პროგნოზით, პროგნოზირებულთან შედარებით მაღალი იქნება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.