სერბეთის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები აპრილში დაინიშნოს

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები აპრილში დაინიშნოს

ბელგრადში მასობრივი დემონსტრაციების ფონზე სერბეთის პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის გადადგომის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი აპრილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ალბათობაზე ალაპარაკდა. ოპოზიცია დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას მოითხოვს, თუმცა ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ეს არ განიხილება.

„ახალი არჩევნები შესაძლოა აპრილში ჩატარდეს.. დროებითი მთავრობის ფორმირება გამორიცხულია“, – განაცხადა ვუჩიჩმა სამშაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში. შეგახსენებთ, ვუჩიჩის პარტიამ 2023 წელს ვადამდელი არჩევნები ადვილად მოიგო, თუმცა ბოლო დროს ის მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა.

სერბეთში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ გამწვავდა. შემთხვევას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამაც მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი შექმნა და ბელგრადში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის აღებასა და სამართლიან გამოძიებას ითხოვენ, მომხდარს კი კორუფციის მაღალ დონეს უკავშირებენ.

ინციდენტის გამო მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გადადგა. თანამდებობა ასევე დატოვა ვაჭრობის მინისტრმაც, მაგრამ ამან პროტესტი ვერ ჩაახშო. გუშინ კი სერბეთის პრემიერიც გადადგა, თუმცა მან თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად დემონსტრანტებზე თავდასხმების შემთხვევები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაასახელა.