შესაძლებლობები „ნიკოტინის მიღმა“ - „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ რესპირატორული მედიკამენტების კომპანია OtiTopic შეიძინა

შესაძლებლობები „ნიკოტინის მიღმა“ - „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ რესპირატორული მედიკამენტების კომპანია OtiTopic შეიძინა

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“  ოფიციალური განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ ამერიკული რესპირატორული მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია OtiTopic-ი შეიძინა.

OtiTopic-ი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სამკურნალო შესასუნთქი აცეტილსალიცილის მჟავის (ASA) შემქმნელი კომპანიაა და მისი მედიკამენტები, მხოლოდ აშშ-ში, მიოკარდიუმის ინფარქტის მაღალი და საშუალო რისკის ქვეშ მყოფი 83 მილიონი ადამიანისთვის შესაძლოა რისკის შემცირების საუკეთესო საშუალება გახდეს.

„OtiTopic-ის შეძენა „ფილიპ მორისის“ „ნიკოტინის მიღმა“ ინიციატივის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა, PMI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც  იაცეკ ოლზაკი აღნიშნავს, „ფილიპ მორისის“ მსოფლიო დონის ექსპერტიზა აეროზოლისა და ინჰალაციური მოწყობილობების კვლევის, შემუშავებისა და კომერციალიზაციის სფეროში ხელს შეუწყობს OtiTopic-ის მიერ შექმნილი ASPRIHALE-ისთვის ავტორიზაციის მიღებასა და კომერციალიზაციას.

ეს არის PMI-ს სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რომლის თანახმადაც, კომპანია მიზნად ისახავს გამოიყენოს საკუთარი გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და შესაძლებლობები იმისათვის, რომ გაზარდოს ნიკოტინის მიღმა ინჰალაციური თერაპიული საშუალებებისა და რესპირატორული მედიკამენტების მიწოდება და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის განხორციელებას.

„მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ყოველ 40 წამში ადამიანს გულის შეტევა ემართება. აცეტილსალიცილის მჟავის (ASA) OtiTopic-ის შესასუნთქი მოწყობილობა კი იძლევა იმედს, რომ მედიკამენტის მოქმედება უფრო სწრაფი გახდება“, – განაცხადა ხორხე ინსუასტიმ, „ფილიპ მორისის“ წამყვანმა მეცნიერმა.

მისივე თქმით, კომპანიის შეძენით, PMI მიზნად ისახავს დაასრულოს ASPRIHALE®-ის სარეგისტრაციო პროგრამა და ეს პროდუქტი ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფად წარადგინოს, რათა მოხდეს რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის რისკის შემცირება, რადგან „ყოველი წამი მნიშვნელოვანია“, – ამბობს ხორხე ინსუასტი.

„ეს შეთანხმება შესაბამისობაში მოდის OtiTopic-ის მიზნებთან, შევქმნათ ინჰალაციური თერაპიული მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას იმისათვის, რომ დავაჩქაროთ FDA-ს მიერ ASPRIHALE®-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი და მივაწოდოთ ინოვაციური თერაპიული საშუალებები მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების საშუალო და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს“, – ამბობს კამბიზ იადიდი, OtiTopic-ის აღმასრულებელი დირექტორი.

„ნიკოტინის მიღმა“ ინიციატივა წარმოადგენს „ფილიპ მორსის“ ამბიციური მიზნის ნაწილს, რომლის მთავარ საფუძველს ადამიანთა ჯანმრთელობა, მეცნიერება, ტექნოლოგია და მდგრადობა წარმოადგენს.  მიზნის მიღწევის პროცესში PMI ქმნის ისეთ პროდუქტებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ და მიზნად ისახავს საზოგადოებაზე პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა 8 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მსოფლიო დონის ლაბორატორიულ და  კლინიკურ კვლევებში, ტექნოლოგიის შექმნის პროცესში, მის განვითარებასა და ბაზრის კვლევებში. შედეგად, PMI-მ დააკმაყოფილა ყველაზე მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნები, მათ შორის აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კრიტერიუმები და კომპანიის თამბაქოს უკვამლო მოწყობილობამ 2020 წელს  მიიღო მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის (MRTP) ავტორიზაცია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *