შესაძლო აკრძალვის ფონზე, აშშ-ში TikTok-მა რეკორდული შემოსავალი მიიღო

შესაძლო აკრძალვის ფონზე, აშშ-ში TikTok-მა რეკორდული შემოსავალი მიიღო

Financial Times-ის ინფორმაციით, გასულ წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, TikTok-ის შემოსავალი რეკორდულ $16 მილიარდამდე გაიზარდა. აშშ-ში ჩინური ByteDance-ის პოპულარული ვიდეოპლატფორმის გაყიდვები ზრდას განაგრძობს, მაშინ როდესაც, ქვეყნის მასშტაბით, აპლიკაციის აკრძალვის საკითხი აქტიურად განიხილება.

კონგრესი ჩინურ კომპანიას მოუწოდებს, TikTok-ი ამერიკელ მყიდველს მიჰყიდოს. თუმცა თავად ByteDance-ს Meta-სთვის გადასწრებისა და გაყიდვებით, მსოფლიოში უმსხვილეს სოციალურ მედიაკომპანიად ქცევის ამბიციები აქვს. თავის მხრივ, 2023 წელს, კომპანიის მიერ მიღებული $16-მილიარდიანი შემოსავალიც აშშ-ში ჯგუფის ოპერაციების მასშტაბებზე მიუთითებს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, 2023 წელს ByteDance-ის შემოსავალი $120 მილიარდამდე გაიზარდა – 40%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. შემოსავლების მატება განპირობებული იყო TikTok-ის მასშტაბური ზრდით, თუმცა კომპანიის შემოსავლების უმეტესი ნაწილი მაინც ჩინეთზე მოდის. Meta-ს შემოსავალი კი, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით 16%-ით, $135 მილიარდამდე გაიზარდა.

ByteDance-ის შემოსავლებზე მონაცემები Financial Times-მა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. თავად ჩინური კომპანია ფინანსურ მონაცემებს არ ასაჯაროებს და არც შესაბამის კომენტარს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რათა აიძულოს TikTok-ი, მისი ბიზნესი, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, არაჩინურ კომპანიას მიჰყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლატფორმა აშშ-ის app store-ებში აიკრძალება. კანონმდებლობას ახლა უკვე სენატის დასტური და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერა სჭირდება.