შესაძლოა Estée Lauder-მა Tom Ford-ი $3 მილიარდად შეიძინოს

შესაძლოა Estée Lauder-მა Tom Ford-ი $3 მილიარდად შეიძინოს

კოსმეტიკური ნაწარმის მწარმოებელი ამერიკული გიგანტი, Estée Lauder-ი პრემიუმ-სეგმენტის ამერიკული ბრენდის, Tom Ford-ის შეძენას განიხილავს და მზად არის კომპანიაში $3 მილიარდი გადაიხადოს, – ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს. თუკი ამგვარი ტრანზაქცია მართლაც დაფიქსირდა, ის ნიუ-იორკული კოსმეტიკური კომპანიის ისტორიაში უმსხვილესი გარიგება იქნება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Tom Ford-ი, რომელიც Gucci-სა და YSL-ის ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, ტომ კარლაილ ფორდმა 2005 წელს დააფუძნა, ყველაზე მეტად მამაკაცის სამოსის შექმნითაა ცნობილი, მაგრამ საინტერესოა, რომ კომპანია ქალის ტანსაცმელს, აქსესუარებს და კოსმეტიკურ და პარფიუმერულ ნაწარმსაც აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ Estée Lauder-ი სწორედ Tom Ford-ის კოსმეტიკური ნაწარმის ბიზნესითაა დაინტერესებული, რომელსაც უკვე წლებია, რაც სხვადასხვა სალიცენზიო ხელშეკრულებების საფუძველზე ყიდის. Tom Ford-ის კოსმეტიკური ბიზნესით Estée Lauder-ი იმდენადაა დაინტერესებული, რომ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიის შეძენის შემთხვევაში, ტანსაცმლის ბიზნესს ის დიდი ალბათობით სხვა კომპანიებს გადასცემს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნიუ-იორკული კომპანია Estée Lauder-ი, უმეტესწილად კანის მოვლის საშუალებების და კოსმეტიკური და პარფიუმერული ნაწარმის წარმოებითა და გაყიდვითაა დაკავებული – კომპანიის ბრენდებს შორისაა MAC-ი, Clinique-ი, La Mer-ი და Aveda. შეგახსენებთ, რომ Estée Lauder-ი საჯარო კომპანიაა, რომლის ღირებულება, უახლესი მონაცემებით, $98 მილიარდს შეადგენს.

Tom Ford-ის პოტენციური გაყიდვის შესახებ პირველად Bloomberg-მა დაწერა, ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში. ამგვარად, მოულოდნელი სულაც არ არის, რომ მისი შეძენა არაერთ მსხვილ კომპანიას სურს. აღსანიშნავია, რომ Tom Ford-ის კოსმეტიკური ნაწარმის ბიზნესი ძალიან პრესტიჟულია და თან, ის ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ბრენდებს შორის, რომლებმაც ბოლო დროს გაყიდვების ორნიშნა ზრდა დააფიქსირეს, რაც, უმეტესწილად, ჩინეთში კომპანიის პროდუქტების პოპულარობის ზრდით აიხსნება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში Estée Lauder-მა საკუთარი ინდუსტრიის არაერთი კომპანია შეიძინა, მაგრამ ეს გარიგებები, შედარებით მცირე მოცულობის იყო. გასულ წელს, მაგალითად, ამერიკულმა გიგანტმა $1 მილიარდად შეიძინა კოსმეტიკური პროდუქტების კანადური მწარმოებელი, Deciem-ი – მანამდე კი, ამავე მოცულობის თანხა გადაიხადა კანის მოვლის საშუალებების სამხრეთ-კორეულ მწარმოებელში, Have & Be Co.-ში. ამ გარიგებამდე რამდენიმე წლით ადრე, Estée Lauder-მა $1.5 მილიარდად შეიძინა ამერიკული Too Faced Cosmetics-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *