წლის დასაწყისიდან 25 უმდიდრესი რუსი მილიარდერის ქონება $60 მილიარდით შემცირდა

წლის დასაწყისიდან 25 უმდიდრესი რუსი მილიარდერის ქონება $60 მილიარდით შემცირდა

მიმდინარე წლის აგვისტოში, ოცდახუთი უმდიდრესი რუსი მილიარდერის ჯამური ქონება $322 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული, რაც $60 მილიარდით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის დასაწყისში, – ამგვარ დასკვნამდე რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ მივიდა, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ ხუთასი ადამიანი შედის, რომელთაგან ოცდახუთი – რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის უმდიდრესი ადამიანი კვლავაც „ნორნიკელის“ ერთ-ერთი აქციონერი, მილიარდერი ვლადიმირ პოტანინია, რომელმაც წლის დასაწყისიდან საკუთარი ქონების $691 მილიონით გაზრდა მოახერხა – დღეს, მის ქონებას Bloomberg-ი $31.6 მილიარდად აფასებს. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად შემცირდა რუსეთის რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანისა და გაზის მაგნატის, ლეონიდ მიხელსონის ქონება – 2022 წლის დასაწყისიდან, მიხელსონმა $5.73 მილიარდი დაკარგა და დღეს, მისი ქონება $26.7 მილიარდადაა შეფასებული. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა რეიტინგის მესამე ადგილოსანი, ფოლადის მაგნატი ვლადიმირ ლისინი, რომლის ქონება $5.5 მილიარდით შემცირდა და $22.5 მილიარდი შეადგინა.

რუს მილიარდერებს შორის წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი მოცულობის ქონება ფოლადის მაგნატმა, ალექსეი მორდაშოვმა დაკარგა – 2022 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, მისი ქონება $8.2 მილიარდით შემცირდა და $20.6 მილიარდი შეადგინა. უმდიდრესი რუსების რეიტინგის მეხუთე ადგილს ინვესტორი ალიშერ უსმანოვი იკავებს, რომელმაც წლის დასაწყისიდან $894 მილიონით იზარალა – დღეს, მისი ქონება $20.4 მილიარდად არის შეფასებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ვლადიმირ პოტანინის გარდა, საკუთარი ქონების გაზრდა მოახერხეს შხამ-ქიმიკატების მაგნატმა ანდრეი გურევმა – $2.58 მილიარდით; რუსეთის უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Wildberries-ის დამფუძნებელმა, ტატიანა ბაკალჩუკმა – $1.15 მილიარდით; და ფოლადის მაგნატმა, ანდრეი სკოჩმა – $218 მილიონით.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალექსეი მორდაშოვი ერთადერთი რუსი მილიარდერი არ არის, რომელმაც წლის დასაწყისიდან კოლოსალური თანხები დაკარგა. ამგვარ სიტუაციაში აღმოჩნდა საინვესტიციო-ჰოლდინგური კომპანიის, Volga Group-ის მფლობელი, გენადი ტიმჩენკო, რომელმაც $5.81 მილიარდით იზარალა; ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი (-$5.81 მილიარდი) და მეტალურგიული მაგნატი, ვიქტორ რაშნიკოვი (-$4.92 მილიარდი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *