შეუპოვარი მონდომება, როგორც წარმატების ბაზისი - ინტერვიუ Dell-ში დასაქმებულ საბა შონიასთან

შეუპოვარი მონდომება, როგორც წარმატების ბაზისი - ინტერვიუ Dell-ში დასაქმებულ საბა შონიასთან

შეუპოვარი მონდომება, გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები – სწორედ ამ სამი ძირითადი კომპონენტით განსაზღვრა ჩვენმა რესპონდენტმა ის ძირითადი საყრდენი, რაზეც წარმატება შენდება. Forbes Georgia წარმოგიდგენთ ინტერვიუს 28 წლის საბა შონიასთან, რომელიც ამჟამად ყველასათვის ცნობილ კომპიუტერულ კომპანია Dell-ში საცალო და მცირე ბიზნესის მიმართულების სტრატეგიული განვითარების გუნდის უფროს მრჩევლადაა დასაქმებული.

რა მიმართულებით დაიწყო თქვენი პირველი კარიერულ გამოცდილება და როგორ განვითარდა ის დროთა განმავლობაში, აკადემიური სიახლეების კვალდაკვალ?

2012 წელს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მცირე პერიოდით ვიმუშავე ფინანსური აუდიტის მიმართულებით, შემდეგ რადიკალურად შევიცვალე სფერო – ვმუშაობდი „ალჰოკაირ ჯგუფის“ წევრ  „რითეილ გრუფ ჯორჯიაში“, პროდუქციის შესყიდვებისა და ფასწარმოქმნის მიმართულებით. ეს იყო პირველი ინტერნაციონალური გამოცდილება, რადგან კომპანია ოპერირებდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

დაახლოებით სამი წლის შემდეგ სწავლის შტატებში გაგრძელებაზე დავიწყე ზრუნვა. აშშ-ზე მანამდეც ყოველთვის ვფიქრობდი – ასე ვთქვათ, ბედის ცდა მინდოდა. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის. ავირჩიე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა და დაგზავნილი აპლიკაციების შედეგად ჩავაბარე ემორის უნივერსიტეტში. პირველი კურსის დასრულებისას სტაჟირება გავიარე Dell-ის სათავო ოფისში, ოსტინში. მაგისტრატურის შემდეგ კი, 2018 წლიდან, დავიწყე სრულ განაკვეთზე მუშაობა საცალო და მცირე ბიზნესის მიმართულების სტრატეგიული განვითარების გუნდში. ამჟამად დასაქმებული ვარ უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე.

დაახლოებით ერთი წლის წინ, სამუშაო ვიზის გაგრძელების გამო, მომიწია გარკვეული პერიოდით აშშ-ის დატოვება. დროებით საცხოვრებლად ავირჩიე სლოვაკეთი სამომავლოდ აშშ-ში უკან დაბრუნების ჩანაფიქრით, თუმცა პანდემიის გამო სლოვაკეთში ცხოვრება ოდნავ გამიგრძელდა. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დაახლოებით ერთ თვეში კვლავ შტატებში ვბრუნდები.

რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ემორიში, ჩასაბარებლად და რამდენად დიდი იყო კონკურენცია?

ემორის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მოხვედრას საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ცდილობენ სტუდენტები, რის გამოც კონკურენცია დიდია. ზოგადად, ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ სათანადო მომზადებასთან ერთად, ყველაზე მთავარია შეუპოვარი მონდომება, რადგან შესაძლოა, ერთხელ არ გამოგივიდეს, მაგრამ აუცილებლად რამდენჯერმე უნდა სცადო. მაგისტრატურაზე სწავლისას, ძალიან ხშირად, როცა სტაჟირების დაწყებით ვიყავი დაინტერესებული, ამბობდნენ, რომ საჭიროა ერთი „კი“. რეალურად, შეიძლება ათმა კომპანიამ უარი გითხრას, მაგრამ ერთი „კი“ რადიკალურად ცვლის შენს ბედს, რაც მომდევნო წარმატებების საძირკველი ხდება. სწორედ ამიტომ, შეუპოვარი მონდომება არის წარმატების განმაპირობებელი.

რამდენად დაგეხმარათ საქართველოში მიღებული აკადემიური გამოცდილება საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად?

ზოგადად, ის წარმოდგენა, რომ საქართველოში განათლებას ვერ მიიღებ, ცალსახად მცდარია. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ცოდნა, რომელსაც სტუდენტები იღებენ თავისუფალ უნივერსიტეტში, უკვალოდ არ ქრება – უნივერსიტეტის გარემო და სწავლებისადმი  მიდგომა ძალიან კარგ ბაზას გიქმნის, რის გამოც სამომავლოდ განათლებისა და უნარების ნულიდან შენება არ გიწევს.

რაც შეეხება განსხვავებას, მართალია, გუნდურად მუშაობის გამოცდილება გარკვეულწილად ბაკალავრიატის საფეხურზეც მივიღე, თუმცა MBA მთლიანად ამ სისტემას ეყრდნობა. დღეს დასავლურ სამყაროში საქმე გუნდური მუშაობის გარეშე არ კეთდება. ჯგუფის წევრები ძირითადად რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან, რაც კარგია, რადგან გიყალიბდება კომუნიკაციის უნარები – ეს კი, საბოლოოდ, სასარგებლოა საერთო საქმისთვის. ჩემი რწმენით, წარმატება ეფუძნება ადამიანებთან ურთიერთობის უნარებს, მათ შორის, საკუთარი და სხვების მიერ დაშვებული შეცდომების ადეკვატურად მიღებას, მით უფრო, როცა Dell-ის მსგავს გლობალურ კომპანიებზეა საუბარი. თავად ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანასთან რეგიონალურ პროექტებზე მუშაობა – ეს შეიძლება იყოს იაპონია, ინდოეთი, ბრიტანეთი, ავსტრალია, ჩინეთი და ა.შ. მართალია, ყველანი ერთ კომპანიაში ვმუშაობთ, მაგრამ კულტურული განსხვავებები საგრძნობია. მნიშვნელოვანია, არ დაუშვა ნიუანსური შეცდომები, რადგან ეს პირად ურთიერთობაზეც აისახება, საბოლოოდ კი – საქმეზე.

ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რაც Dell-ში სამუშაოდ ხელს გიწყობთ, აკადემიური მიმართულებით შეძენილი თეორიისა და კარიერული გამოცდილების სინთეზია, თუ ძირითადად ადგილზევე მიღებულ პრაქტიკას ეფუძნება?

მინდა ხაზი გავუსვა, რომ თეორიული განათლება არის ბაზა, რომლის გარეშეც რთულია, ერთი მხრივ, საქმის კეთება, მაგრამ, ამასთანავე, თავის დამკვიდრება. მართალია, დღეს ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ შესაძლოა კომპანიების ნაწილი ბიზნესგანათლებას სულაც არ აქცევდეს ყურადღებას – ამაზე ილონ მასკიც ხშირად საუბრობს – თუმცა ჯერჯერობით დამსაქმებელთა უმეტესობა ითხოვს თეორიულ ცოდნასა და აკადემიურ ხარისხს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია თხრობა, ე.წ.storytelling-ი, რომლის დახვეწაშიც კომპანიასაც შეაქვს წვლილი, რადგან ხშირად გვიწევს კონკრეტული ქეისის ამოხსნა და შემდეგ პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. ამ უკანასკნელს კი უნდა ჰქონდეს თხრობის სახე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანებს ყველაზე კარგად ამახსოვრდებათ მცირე მოცულობის ისტორიები, მოთხრობები. როდესაც მშრალი საქმეც კი ამ სტრუქტურას ერგება, ის უკვე მარტივად აღსაქმელი ხდება.

აღგვიწერეთ თქვენი ერთი რიგითი სამუშაო დღე.

სამუშაო დღე, როგორც წესი, განსაზღვრულია დილის 8-დან 5 საათამდე. თუ ეფექტიანად მუშაობ, უმეტესწილად არ მოგიწევს აღნიშნულ საათებს მიღმა საქმიანობა. დღის დიდი ნაწილი უკავია შეხვედრებს, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება.

გვერდს ვერ ავუვლით კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს. მაინტერესებს, რა ტიპის გამოწვევა იყო პანდემია თქვენთვის, პერსონალურ დონეზე და, მეორე მხრივ, რა დაბრკოლებები შეუქმნა მან Dell-ს?

მართალია, ბევრი კომპანიისთვის დღემდე შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს დისტანციურად მუშაობა, თუმცა Dell-ი წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამისთვის მზად აღმოჩნდა, რადგან ათი წლის წინაც კი დასაქმებულების ნაწილი ონლაინ მუშაობდა. ამის გამო უკვე ჩამოყალიბებული იყო დისტანციურად საქმიანობის კულტურა, ძალიან ხშირად შეხვედრები ვიდეოზარით ტარდებოდა. მაგალითისთვის, როდესაც დავიწყე Dell-ში საქმიანობა, ჩემი პირველი მენეჯერი დისტანციურად მუშაობდა საერთოდ სხვა შტატიდან. თუმცა მაინც მინდა ვთქვა, რომ მანძილი და ერთად არყოფნა გუნდურობის განცდას გარკვეულწილად აქვეითებს. ფიზიკური სიახლოვე, ემოციების დანახვა, კავშირების დაჭერა მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა ახალ ადამიანებს ხვდები.

ხომ არ აპირებს Dell-ი – სწორედაც თანამშრომლებს შორის კავშირის სრულყოფის მიზნით – დასაქმებულების ოფისებში დაბრუნებას?

ვფიქრობ, მომავალი მუშაობის შერეულ სტილს უკავშირდება – სურვილის მიხედვით ოფისიდან ან დისტანციურად საქმიანობას. უკვე არაერთმა კომპანიამ დააანონსა ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლის მზაობა და, ალბათ, Dell-იც მათ შორის იქნება. ამოსავალი წერტილი მაინც პროდუქტიულობა და სასურველი შედეგის მიღებაა.

თავად რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და უკავშირდება თუ არა ისინი საქართველოს?

ამ ეტაპზე Dell-ში მუშაობის გაგრძელება პრიორიტეტია. ზოგადად, საქართველოში დაბრუნებაზე მუდამ ვფიქრობ, თუმცა სწორ მომენტს ველოდები, რის გამოც ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვებისთვის საკუთარ გამოცდილების გაზიარებას – თუ ეს ადამიანებს წაადგებათ – წინ არაფერი უდგას. სხვის გაჭრილ გზაზე სიარული უფრო მარტივდება. თავადაც, ბუნებრივია, სხვების გამოცდილება გავითვალისწინე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარია მონდომება და კონკრეტული მიზნისკენ მოძრაობა, რისთვისაც, ცხადია, შრომაა საჭირო. ძალიან ხშირად ადამიანები ფიქრობენ, ‘ეს შეუძლებელია’, ‘მე ეს არ გამომივა’… რეალურად, ასეთი ფრაზები მხოლოდ სიზარმაცისკენ გვიბიძგებენ. უნდა შევძლოთ და შევატრიალოთ ჩვენი აზრები, რათა ამოვხსნათ, როგორ შეიძლება გახდეს საოცნებო საქმიანობა ხელმისაწვდომი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *