შილდა - როგორ ზოგავს ღვინის ენერგოეფექტური საწარმო წელიწადში 72 000 დოლარს?

შილდა - როგორ ზოგავს ღვინის ენერგოეფექტური საწარმო წელიწადში 72 000 დოლარს?

კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში უკვე მეხუთე წელია ღვინის საწარმო “შილდა” ფუნქციონირებს. ქარხანა ყოველ სეზონზე 2000 ტონა ყურძენს იბარებს და წელიწადში 25 სახეობის დაახლოებით 1,4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

კომპანიამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვის შედეგად ერთეულ წარმოებულ პროდუქციაზე ელექტროენერგიის მოხმარება 50-60%-ით შეამცირა. შედეგად – წელიწადში 63 ათასი ევროს (72 ათასი აშშ. დოლარის) დაზოგვა შეძლო.

“შილდას” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და გარემოზე.

ევროკავშირის მხარდაჭერის მქონე პროგრამის, ენერგოკრედიტის ფარგლებში კომპანიამ კომერციული ბანკისგან სესხი მიიღო, რათა ენერგოეფექტური ტექნიკა შეეძინა.

ევროკავშირის გრანტის სახით ენერგოკრედიტის პროგრამისგან მიიღო ქეშბექი (ენერგოეფექტურ დანადგარებში გადახდილი თანხის 10%), რამაც პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

“შილდას” დირექტორი მერაბ მიქაშავიძე ამბობს, რომ კომპანიამ ახალი აღჭურვილობით მოგება უკვე ნახა – ” ჩვენი მადუღარი ცისტერნის ენერგომოხმარება დაახლოებით კილოვატ-ნახევარია. წინამორბედი დანადგარები კი, რომლითაც საქართველოში არსებული მეღვინეობის ქარხნების დაახლოებით 70%-ია აღჭურვილი, 15 კილოვატს მოიხმარს – ანუ ამავე ოპერაციის შესასრულებლად 10-ჯერ მეტი ენერგია სჭირდება”.

ქარხნის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ჭიჭაძე ეთანხმება მას და განმარტავს, რომ ენერგოეფექტური სამაცივრე დანადგარები კომპანიას დიდ შეღავათს უწევს, რადგან, თუ ძველი ტიპის მაცივარი საათში დაახლოებით 500 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარდა, კომპანიის საკუთრებაში არსებული მაცივრები 200 კვტ-ს მოიხმარს.

ჭიჭაძე აღნიშნავს, რომ დღეს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნათურებიც კი ენერგოეფექტურია: “შილდაში” ვარვარების ნათურის ნაცვლად ლედ ტიპის სანათებს იყენებენ. მისივე თქმით, თუ სპირალიანი ნათურა საათში 1 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, ლედ სანათი 200 ვატს მოიხმარს, რაც 5-ჯერ ამცირებს ხარჯს. გარდა ამისა, ლედ სანათი უფრო მდგრადია არასტაბილური ძაბვისას და უფრო დიდხანს მუშაობს.

ენერგოკრედიტის პროგრამა EU4Energy ინიციატივის ნაწილი იყო, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო აფინანსებდა. პროგრამის მიზანი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მდგრადი ენერგოპროექტების მხარდაჭერა იყო, პროგრამის ფარგლებში სესხი მცირე და საშუალო ბიზნესზე, ასევე მოქალაქეებზე გაიცემოდა, თუკი წარმოდგენილი პროექტი ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ იქნებოდა მიმართული.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით EU4Energy ინიციატივის ფარგლებში.

წყარო: euneighbours.eu

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *