საგანმანათლებლო სისტემაში პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას შრომის ბაზრის ტენდენციები უგულებყოფილია – ასეთია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგი, რომელიც უმაღლესი განათლების პრიორიტეტულ მიმართულებებს ეხება.
ევროკავშირში შემავალი 28 ქვეყნის მონაცემით, იმ უმაღლესი განათლების მქონე პირების დასაქმების საშუალო მაჩვენებელი, რომლებმაც უნივერსიტეტი ბოლო 3 წლის მანძილზე დაამთავრეს, 82,8%-ია. აქედან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მალტასა − 94,5% და გერმანიაში − 90,9%, ხოლო ყველაზე დაბალი − საბერძნეთსა − 52% და იტალიაში − 55,2%. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა, 2017 წლის იმ კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი, რომლებიც განათლებას იღებდნენ პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სრულად ფინანსდებოდნენ სახელმწიფოს მიერ. 2017 წელს სწავლა დაასრულა 1,744-მა სტუდენტმა, აქედან 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაქმებული იყო კურსდამთავრებულების 41%.
პრიორიტეტული პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა 2017 წლის კურსდამთავრებულების გამოკითხვა, კერძოდ გამოიკითხა 350 პირი. გამოკითხული დასაქმებული პირებიდან საკუთარი პროფესიით მუშაობდა მხოლოდ 49%, ხოლო დანარჩენი 51%, ძირითადად, ისეთ პოზიციებზე იყო, რაც მოითხოვდა იმაზე დაბალ კვალიფიკაციას, რაც მათ მიღებული ჰქონდათ.
პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მთლიან ერთობლიობაში შემდეგია:
გამოკითხული საწარმოებიდან, არსებული ვაკანსიების შევსებისას განსაკუთრებული პრობლემური კი იყო შემდეგი დარგები:
- ფიზიკა, მათემატიკა და საინჟინრო მეცნიერებები – 29.4%
- საკვები პროდუქტების წარმოების პროფესიონალები – 17.8%
- ინდივიდუალური სერვისები – 5.3%
- კლიენტების ინფორმირების სერვისები – 4.9%
- სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები – 4.8%
- ხელოვნება, გართობა, სპორტი – 4.5%
- სამრეწველო დანადგარების ოპერატორები – 4%
- მომსახურე პერსონალი – 3.1%
- საწარმოო და საექსპლოატაციო მენეჯერები – 2.7%
- სოციალური მეცნიერებები – 2.4%
რაც შეეხება პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე შრომის ბაზარზე დაფიქსირებულ მოთხოვნას, ის შემდეგნაირად ნაწილდება:
კადრების მოძიების სირთულის კუთხით, რომელიც გულისხმობს როგორც კვალიფიკაციას, ასევე რაოდენობას, პირველ ადგილზეა ფიზიკა, მათემატიკა, საინჟინრო მეცნიერებები, რასაც მოჰყვება საკვები პროდუქტების წარმოების პროფესიონალები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, როგორიცაა, მაგალითად, ბიოლოგია, ხოლო სოციალური მეცნიერებებიდან, ეკონომიკა იკავებს ბოლო ადგილს 2,4%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით კადრის მოძიება არ არის პრობლემური.
2016-2017 სასწავლო წელს, უმაღლესი განათლების პრიორიტეტულ პროგრამებზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა ნაწილდება შემდეგნაირად:
დიაგრამიდან ჩანს, რომ სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრისას, შრომის ბაზრის ტენდენციები არ არის ასახული, კერძოდ, ყველაზე პრობლემურ დარგებად მიჩნეული მიმართულებები იკავებს ბოლო ადგილებს, ხოლო პირველ ადგილზეა ეკონომიკა − დაწესებული ადგილების ყველაზე მაღალი რაოდენობით.