შვეიცარიული საბანკო გიგანტი UBS Group-ი ფინტექ-კომპანიებში ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებს. კერძოდ, UBS-ს სურს შექმნას ვენჩურული კაპიტალის ფონდი, საიდანაც ისეთ ფინანსურ სტარტაპებში ჩაიდება ინვესტიციები, რომლებიც ტრადიციულ საბანკო სექტორში “გადატრიალებას” ახდენენ.
საუბარია 10-დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაზე, რომელიც ათობით კომპანიაში ჩაიდება. UBS გეგმავს მინიმუმ ხუთი წლით აღნიშნულ კომპანიებში აქციების დაკავებას. ამ დეტალების შესახებ Fortune-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. მოგვიანებით კი შვეიცარიული ბანკის პრესსპიკერმაც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გეგმავს კაპიტალის ფონდის შექმნას, საიდანაც განხორციელდება ინვესტიციები.
“UBS-ს სურს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების მხარდაჭერის პროცესში. ახალი ვენჩურული საინვესტიციო პორტფელი ინოვაციებისა და გაციფრულების დაჩქარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა UBS-ის ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა მსოფლიო მასშტაბით მაიკ დარგანმა.
შვეიცარიული საინვესტიციო მულტინაციონალური ბანკი აქცენტს აკეთებს ციფრულ ხელსაწყოებზე, ვინაიდან მას სურს რაც შეიძლება მეტი დრო და ადმინისტრაციული დანახარჯი დაზოგოს. ასევე ბანკს სურს ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩინეთის მდიდრების ბაზარზეც გავიდეს.
აღსანიშნავია, რომ UBS-ში რამდენიმე თვის წინ მთავარი აღმასრულებლის თანამდებობაზე სერჯიო ერმოტი ციფრულ საბანკო სფეროში ცნობილი “ჩემპიონით“ რალფ ჰამერსით ჩაანაცვლეს. ამას ისიც დაემთხვა რომ UBS-ის უმსხვილეს ბიზნესში – ქონების მენეჯმენტში, რომელიც ტრადიციულად უშუალოდ კლიენტებთან ურთიერთობას მოითხოვს, კორონავირუსის პანდემიის გამო ციფრული სერვისებზე გადასვლა დაჩქარდა.
გლობალურად რომ ვისაუბროთ, ფინტექ-კომპანიებში თანხების ჩადებით პირველ ადგილზე ამერიკული ბანკები არიან.