საქართველოს ეკონომიკის (მშპ) დაახლოებით 48% თბილისზე მოდის. ქვეყნის ეკონომიკაში ვაჭრობისა და მრეწველობის წილი 33%–ია. ეს დარგები ძირითადად დიდი ურბანული დასახლებებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ორი დარგის გარდა, საქართველოს რეგიონების წილი ქვეყნის მშპ–ში 40%–ზე ნაკლებია.
დღეს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკა დივერსიფიცირებული არ არის.
მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის ყველაზე მწვავე პრობლემა დაბალი შემოსავლები და უმუშევრობაა. მთავრობის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 22% არის დასაქმებული ანაზღაურებად სამსახურში. შინამეურნეობების 51%–სთვის შემოსავლების ძირითადი წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა. ოჯახების 35%–სთვის ყოველთვიური შემოსავალი 250 ლარს არ აღემატება. ამასთან, მაღალმთიანი დასახლებების უმრავლესობაში მოსახლეობის საქმიანობის და შესაბამისად შემოსავლების ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა.
ქვეყნის მასშტაბით, საოჯახო მეურნეობის ხარჯებში სურსათის წილი საშუალოდ 41.1%–ია. OXFAM-ის კვლევის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებებში კი საოჯახო მეურნეობათა 63% საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს მთელი ხარჯების 50%–ზე მეტს. აქედან 22%–სთვის სამომხმარებლო ხარჯების 75%–ზე მეტი სურსათზე მოდის, ხოლო საოჯახო მეურნეობათა 8%–ს საერთოდ არ ჰყოფნის შემოსავალი სურსათის ხარჯებისთვის.
ამასთან, ბიზნეს სექტორის მაჩვენებლები მაღალმთიან დასახლებებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება ანალოგიურ მაჩვენებლებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე. კერძოდ, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საწარმოთა ბრუნვა და გამოშვება ქვეყნის მასშტაბით ანალოგიური მონაცემების 5%–ს არ აღემატება. გამონაკლისი მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით პოპულარული დასახლებებია.