სირიის საკითხის განსახილველად პუტინი თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდება

სირიის საკითხის განსახილველად პუტინი თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიის საკითხის განსახილველად თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის შეხვდება. შეხვედრა მომავალ სამშაბათს, პუტინის თეირანში ვიზიტისას გაიმართება.

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვის განცხადებით, სირიის კონფლიქტის დარეგულირებისთვის შექმნილი „ასტანის პროცესის“ გარანტორი ქვეყნების ლიდერები სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. რუსეთი და ირანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი სამხედრო და პოლიტიკური მხარდამჭერები არიან, ხოლო თურქეთი სამხედრო დახმარებას ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეთა ჯგუფებს უწევს.

კრემლის ინფორმაციით, პუტინი და ერდოღანი უახლოეს პერიოდში პირადადაც შეხვდებიან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობების განსახილველად. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ერდოღანი მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლის როლს ასრულებს. რაც შეეხება თეირანში პუტინსა და რაისის შორის გასამართ ორმხრივ შეხვედრას, ამასთან დაკავშირებით პესკოვს განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ეს უკვე პუტინის მეორე ოფიციალური ვიზიტია. მანამდე, ივნისის დასასრულს, რუსეთის პრეზიდენტი ცენტრალურ აზიას ეწვია. უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინი ბოლოს ოფიციალური ვიზიტით პეკინში, თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *