ევროკავშირმა ხორვატია ევროზონის მე-20 წევრად ოფიციალურად მიიღო

ევროკავშირმა ხორვატია ევროზონის მე-20 წევრად ოფიციალურად მიიღო

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ხორვატია ევროზონის მე-20 წევრად ოფიციალურად აღიარეს. შეგახსენებთ, რომ ხორვატია ევროკავშირს 2013 წელს შეუერთდა.

ევროპული საბჭოს მიერ მიღებული სამი სამართლებრივი აქტით, ხორვატიას ევროკავშირის ოფიციალური ვალუტის მიღება 2023 წლის პირველი იანვრიდან შეეძლება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროზონაში ხორვატიის გაწევრიანება ადასტურებს, რომ ევრო კვლავ „მიმზიდველ, გამძლე და წარმატებულ გლობალურ ვალუტად“ რჩება და სიმტკიცისა და ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ერთ-ერთი სამართლებრივი აქტის თანახმად, კონვერტაციის კურსად ევროსა და ხორვატიულ კუნას შორის, 1 ევროზე 7.53450 ხორვატიული კუნა განისაზღვრა. ევროკომისიამ ხორვატიის საგადასახადო ბალანსის ტენდენციები, შრომისა და ფინანსური ბაზრების ინტეგრაცია შეისწავლა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მართულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ხორვატიის კანონმდებლობის თავსებადობა დაადასტურა.

ევროს მისაღებად ხორვატიას რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწია, მათ შორისაა: ეროვნული კანონმდებლობის თავსებადობა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან, ფასების სტაბილურობა (შედარებით დაბალი, ევროზონის მსგავსი ინფლაციის დონე), ფისკალური სტაბილურობა (დეფიციტი არ აღემატება ევროკავშირის წესებით განსაზღვრულ მშპ-ის 3%-ს), გაცვლითი კურსის სტაბილურობა და ხანგრძლივი კონვერგენცია (შედარებით დაბალი გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *