სმარტფონების ტრანსპორტირება გლობალურად 13%-ით დაეცა და ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. მობილური ტელეფონების ინდუსტრია გამონაკლისი არ ყოფილა იმ ბიზნესებს შორის, რომლებიც პანდემიამ დააზარალა. ანალიტიკოსმა ბენ სტენტონმა გამოიყენა სიტყვა „დასრესილი“ მობილურების ბაზარზე ახალი კორონავირუსის გავლენს აღსაწერად.
“თებერვალში, როდესაც კორონავირუსი ჩინეთში მძვინვარებდა, ვენდორები ძირითადად წუხდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოეხერხებინათ საკმარისი რაოდენობის სმარტფონის წარმოება, რათა გლობალურ მოთხოვნას გამკლავებოდნენ. მარტში კი ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. სმარტფონების წარმოება აღდგა, თუმცა, ნახევარზე მეტი მსოფლიო კარანტინში მოექცა და შესაბამისად შემცირდა გაყიდვებიც“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.
თავდაპირველად კორონავირუსმა გავლენა მსოფლიოს მიწოდების ქსელზე იქონია, გარდა ამისა, ევროპაში, აშშ-სა და სხვა ლოკაციებზეც მოსახლეობა კვლავ სახლებში რჩება, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ $1000-იან ნივთის შეძენა მათთვის ახლა ერთგვარი ფუფუნებაც კია.
რაც შეეხება კონკრეტულ მწარმოებელ კომპანიებს, მაგალითად, Samsung-ი ყველაზე კარგ ვითარებაშია, თუმცა, კვლავ მნიშვნელოვნად იკლებს მისი მომხმარებლების რაოდენობა. Huawei-ს გაყიდვები პირველ კვარტალში 17%-ით შემცირდა. Apple-ის გაყიდვები 8%-ით, ჩინურმა მწარმოებლებმა – Xiaomi და Vivo-მ მცირედი წინსვლა აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების ნაწილი საკარანტინე შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სმარტფონების მწარმოებლები კორონავირუსის გავლენების პიკს წლის მეორე კვარტალში იგრძნობენ.