Samsung-მა წარადგინა ფლაგმანური სმარტფონების ახალი სერია, Galaxy S24-ი, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტია (AI) ჩაშენებული.
კომპანიის თანახმად, Galaxy S24-ი, S24+ და S24 Ultra სმარტფონის გამოყენების გამოცდილებას სრულიად შეცვლის და ახალ ერას დაუდებს სათავეს.
ხელოვნურ ინტელექტზე სწორება Samsung-ის მცდელობის ნაწილია, გამორჩეული ადგილი დაიკავოს სმარტფონებით გადატვირთულ ბაზარზე, რომელსაც ბოლო წლებში ინოვაციურობა ნამდვილად აკლია.
საბაზისო მოდელი, S24-ი 6.2-ინჩიანია და მისი ფასი 799.99 დოლარიდან იწყება, 6.7-ინჩიანი S24+ 999 დოლარი ეღირება, ხოლო 6.8-ინჩიანი S24 Ultra – 1,299.99 დოლარი.
AI-ის მეშვეობით, პირველ რიგში, სმარტფონებით კომუნიკაცია უფრო მრავალფეროვანი და მოსახერხებელი უნდა გახდეს. Galaxy S24-ი ენობრივი ბარიერის დაძლევას ისახავს მიზნად.
განახლებულ მოწყობილობაში AI-ი სატელეფონო საუბარს მყისიერად გადათარგმნის და გაახმოვანებს კიდევაც, თანაც, ინტერნეტის გარეშე. მაგალითად, თუ ვინმე სმარტფონით უცხოურ ენაზე გელაპარაკებათ, თქვენ მის საუბარს თქვენსავე ენაზე მოისმენთ.
AI-ის ასისტენტის გამოყენება წერის დროსაც შეგიძლიათ, მაგალითად, სტილის შესარჩევად, იმის მიხედვით, თუ ვის ან რა ტიპის ტექსტს წერთ. 13 ენაზე გადათარგმნა Samsung Keyboard-საც შეუძლია.
ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირებულია Note-ებშიც, შესაძლებელია აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევა, შეჯამება და თარგმნა.
ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი ცვლილება კი ინტერნეტში ინფორმაციის ძიების ფუნქციას უკავშირდება. ამიერიდან Google-ში სურათის, ფრაზის, ადგილის ან სხვა რაიმეს მოძებნა თითის ერთი მოძრაობით, ეკრანზე წრის შემოხაზვით იქნება შესაძლებელი ნაცვლად საძიებო სისტემაში ხელით ჩაწერისა.
Samsung-ის თანახმად, გაუმჯობესებულია 50-მეგაპიქსელიანი კამერა, მოახლოებისა და ღამით გადაღების ფუნქციები. გენერაციული AI-ი კი მომხმარებელს ფოტოების დამუშავებაში, მაგალითად, ფონის შეცვლაში ან ობიექტის გადაადგილებაში დაეხმარება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ფუნქციას სრულქმნამდე ბევრი აკლია. მართალია, დაკვირვებული თვალისთვის AI-ით დამუშავებული ფოტოს გამორჩევა არც ისე რთულია, თუმცა მას მაინც ექნება შესაბამისი ნიშანი.
ამ მრავალფეროვანი დავალებების დაუბრკოლებლად შესასრულებლად გაძლიერდა სმარტფონის ჩიპსეტი (Snapdragon 8 Gen 3) და ეკრანი, რომელიც ახლა უფრო მეტად ნათელი (2,600nits) და გამძლეა.
აღსანიშნავია, რომ ეს ხელოვნური ინტელექტისა და სმარტფონის შერწყმის პირველი მცდელობა არაა და ეს Google Pixel-მა 2023 წლის ოქტომბერში უკვე გააკეთა.
როგორც ცნობილია, AI-ის საკუთარ სისტემაში გამოყენებაზე მუშაობს Apple-იც, რომელმაც Samsung-ს სმარტფონების უმსხვილესი გამყიდველის გვირგვინი ახლახან ჩამოართვა. ამგვარი რამ ბოლოს 12 წლის წინ, 2010 წელს მოხდა.