სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მშენებლობის ინიციატივა სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის, GeoProMining-ის მეწილეს ეკუთვნის.
ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ფაშინიანის თქმით, ქარხანა არ იქნება მთლიანად კერძო საკუთრებაში, რადგან მთავრობის აქტიური ჩართულობა პროექტში მნიშვნელოვანია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სომხეთი სპილენძის კონცენტრატების ექსპორტის შეწყვეტას და მზა სპილენძის შემოტანას გეგმავს. ახალი ატომური ქარხნის მშენებლობა სწორედ ამ პროგრამის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი აქტიური ატომური ელექტროსადგურია. Metsamor-ის ელექტროსადგური, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, 1976 წელს აშენდა. 1989 წლის მიწისძვრის შემდგომ, საზოგადოების პროტესტის შედეგად, ელექტროსადგურმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა 1995 წელს ქვეყანაში ენერგიის დეფიციტის გამო, ქარხანა ხელახლა შევიდა ექსპლუატაციაში და, 2015 წლის მონაცემებით, სომხეთის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროკომისიამ სომხეთს Metsamor-ის შეჩერებისკენ მოუწოდა, რადგან მისი აღდგენა ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეუძლებელია.
ფოტო: Bouarf