Nissan-მა იაპონიაში მაღალტექნოლოგიური მწვანე ქარხანა გახსნა

Nissan-მა იაპონიაში მაღალტექნოლოგიური მწვანე ქარხანა გახსნა

გასულ კვირას, იაპონიის ქალაქ ტოჩიგიში, Nissan-მა მაღალტექნოლოგიური მწვანე ქარხანა გახსნა, რომელშიც ელექტრომობილების განახლებული და სრულად ავტომატიზებული საწარმოო დაზგების გარდა, თანამშრომლების გადამზადებისათვის განკუთვნილი ვირტუალური რეალობის დანადგარები იქნება. გარდა ამისა, ქარხანაში გამოყენებული ყველა დანადგარი გადამუშავებული ელექტროენერგიით მომარაგდება – საქმე ისაა, რომ 2030 წლისათვის, Nissan-ი ნახშირორჟანგის მოცულობის 41%-ით შემცირებას გეგმავს.

ტოჩიგის ქარხნის ჭკვიანი დანადგარებით ინვენტარიზაციის შესახებ გადაწყვეტილება Nissan-მა ჯერ კიდევ 2019 წელს გააჟღერა. გასული ორი წლის განმავლობაში ტოჩიგის ჭკვიან ქარხანაში Nissan-მა $300 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 2.9 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე გადაჭიმულ ამ ქარხანას წლის განმავლობაში 250 ათასი მანქანის წარმოება შეუძლია. ფაქტია, რომ კომპანიაში მიღებული შედეგებით კმაყოფილები არიან, რადგან ამ მოდელის დანერგვას Nissan-ი იაპონიისა და აშშ-ის სხვა დიდ ქარხნებშიც აპირებს, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰიდეიუკი საკამოტომ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ტოჩიგიში მდებარე ეს ქარხანა კომპანიის გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რადგან სწორედ ამ კონვეიერებზე შეიქმნება Nissan-ის უახლესი ელექტრომობილი Ariya, რომელიც კომპანიას და ავტოსფეროს ანალიტიკოსებს ერთგვარ ფლაგმანად წარმოუდგენიათ. ცნობისთვის, Ariya-ს გარდა, Nissan-ი კიდევ თერთმეტი მოდელის გამოშვებას გეგმავს.

ფოტო: Kiyoshi Ota/Bloomberg

Nissan-ის ახალი ქარხნის მაღალტექნოლოგიურობაზე ისიც მეტყველებს, რომ  სამუშაო პროცესისას, ქარხნის თანამშრომლები ვირტუალური რეალობის სათვალეებს გამოიყენებენ – მათი დახმარებით, რთული ავტონაწილების დეფორმაციასა და მათზე არსებულ ნაკაწრებს შეამოწმებენ. ვირტუალური რეალობის სათვალის მორგების შემდეგ, ინსტრუქციები და ისრები, რომელთაც თანამშრომელი უნდა მიჰყვეს, ეკრანზე გამოჩნდება.

ეფექტიანობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საკონტროლო ოთახებში Nissan-მა ადამიანური მონიტორინგის მონიტორები დაამონტაჟა, რომელთა დახმარებით, სპეციალისტები საწარმოო ხაზის ხარვეზებს რეალურ დროში, ერთდროულად ოცდაშვიდ ეკრანზე დააკვირდებიან. პრობლემების მონიტორინგისა და მათი აღმოფხვრის დროს, ისინი ქარხანაში დამაგრებულ უამრავ სენსორს, თანამშრომლების ჩაფხუტებზე არსებულ კამერებსა და პლანშეტებს გამოიყენებენ. Nissan-ის დათვლებით, მოქმედების ამგვარი სისტემა მოწყობილობების შეკეთებისათვის საჭირო დროს 30%-ით შეამცირებს.

ფოტო: Kiyoshi Ota/Bloomberg

ცნობისთვის, საკუთარ ქარხნებში ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, საერთო ჯამში, Nissan-ი $1.2 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორცილებას გეგმავს. ამ თანხით, ავტომწარმოებლის ქარხნები უფრო ეფექტიანი და მწვანე იქნება – სწორედ ისეთი, რომლებშიც შემდეგი თაობის ელექტრომობილების წარმოება იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *