სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი წარუდგინა

სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი წარუდგინა

სომხეთმა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის რეგიონზე მრავალწლიანი დავის დასასრულებლად, სამშვიდობო ხელშეკრულების სრული პროექტი წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა. სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, პროექტი მონიტორინგის მექანიზმებს ორივე მხარის მიერ ითვალისწინებს.

მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ფაშინიანის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ერევანმა ბაქოსთან „სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მუშაობისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა“. სომხეთის პრემიერის ინფორმაციით, ყოვლისმომცველი შეთანხმების პროექტი უკვე გადაეცა აზერბაიჯანს, რომლის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერაც ქვეყნებს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომტანი გახდება.

ხელშეკრულების ასლები გაეგზავნა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრ რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს. აღნიშნული ქვეყნები, ეუთოს მიერ 1992 წელს, ეთნიკური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შექმნილი „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები არიან.

ორ კავკასიელ მეზობელ სახელმწიფოს შორის მთიან ყარაბაღზე მრავალწლიან დაპირისპირებას ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საერთაშორისო შუამავლობით ქვეყნებს შორის წარმართულმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა კი მხოლოდ მცირე შედეგი გამოიღო. გასულ თვეში რუსეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ჩაშლაში სომხეთი დაადანაშაულა.

ფაშინიანის მიერ გაკეთებული განცხადება ერევნის მიერ ბაქოს „ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გატარებაში“ დადანაშაულებას და ეთნიკური სომხების მხრიდან სეპარატისტული რეგიონის იძულებით დატოვებას მოჰყვა. დეკემბრის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანელების ჯგუფმა, რომლებიც თავს გარემოსდაცვით აქტივისტებს უწოდებენ, მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკეტა. ერევნის განცხადებით, ბლოკადამ მთიან რეგიონში, სადაც საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის დეფიციტია, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *