რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ეკონომიკური და ფინანსური სანქციები მოჰყვა, რომელთაც რიგი კომპანიებიც ეტაპობრივად შეუერთდნენ. გამონაკლისი არც სოციალური ქსელები და სტრიმინგ-სერვისები აღმოჩნდნენ, რომელთაც რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესეს.
სტატიაში წარმოდგენილია იმ შეზღუდვათა სია, რომლებიც სოციალური ქსელებისა და სტრიმინგ-სერვისების მიერ ბოლო დღეებში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესდა:
Facebook, Instagram – Meta-მ ევროკავშირის მასშტაბით საკუთარი პლატფორმების საშუალებით რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე RT-სა და Sputnik-ზე წვდომა შეზღუდა. კომპანიამ აღმოაჩინა და გააუქმა დეზინფორმაციის ქსელიც, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ანგარიშებს, ჯგუფებსა და გვერდებს მართავდა. კომპანიამ ასევე დაადგინა Ghostwriter-ის მიერ რამდენიმე უკრაინელი საზოგადო მოღვაწის გატეხილი ანგარიშები. კონფლიქტის გამწვავების გამო, Meta-მ კიბერუსაფრთხოების გუნდი სპეციალური ოპერაციების ცენტრით „გააძლიერა“ და მიმართავს სწრაფ და აქტიურ ზომებს პლატფორმაზე სიტუაციის შესაცვლელად და უსაფრთხოების დასაცავად.
Twitter – კომპანიის განცხადებით, დაიბლოკა ათზე მეტი ანგარიში, დაკავშირებული News Front-თან და South Front Russian-ის ოპერაციებთან, რომლებიც ავრცელებდნენ ბმულებს ახალ პროპაგანდისტულ საიტზე სახელწოდებით – Ukraine Today. ამასთან ერთად შეჩერდა პლატფორმაზე რუსეთის ტერიტორიიდან ახალი ანგარიშების დარეგისტრირება.
TikTok – პეკინში დაფუძნებული კომპანიის ByteDance-ის საკუთრებაში არსებულმა პლატფორმა TikTok-მა ევროკავშირის მასშტაბით რუსული მედიასაშუალებების RT-სა და Sputnik-ზე წვდომაზე შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
Snapchat – კომპანიამ საკუთარ პლატფორმაზე დეზინფორმაციის მაქსიმალურად აღკვეთის პირობა დადო. ასევე Discover-ზე გამოქვეყნდება მხოლოდ დადასტურებული ინფორმაცია მედიაპარტნიორებისა და შემქმნელებისგან და რუსულ სახელმწიფო მედიას არ მიეცემა კონტენტის გავრცელების საშუალება. კომპანია წყვეტს სარეკლამო მიყიდვას რუსეთისა და ბელარუსის ორგანიზაციებისთვის და დაიცავს სანქციებს, რომლებიც მიმართულია რუსი ბიზნესებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ.
YouTube – ვიდეოპლატფორმამ ევროპაში რამდენიმე რუსული მედიაარხის, მათ შორის Russia Today-ის, RT-ისა და Sputnik-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. არხზე შესვლის შემთხვევაში მომხმარებელს ხვდება წარწერა: „კონტენტი მიუწვდომელია აღნიშნულ ლოკაციაზე“. აკრძალვამდე, YouTube-მა ხსენებული რუსული მედიაარხებისთვის საკუთარ პლატფორმაზე რეკლამით შემოსავლის მიღება აკრძალა.
Netflix – მიუხედავად კანონმდებლობისა, რომელიც სტრიმინგ-სერვისისგან, რეგულაციების მიუხედავად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არხების დამატებას ითხოვს, კომპანიის განცხადებით, ამ ვითარებაში მის პლატფორმაზე სახელმწიფო სერვისები არ გამოჩნდება. Netflix-ს, რომელიც რუსეთში სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა, რუსეთის კანონმდებლობა ოცამდე ადგილობრივი ახალი ამბების, სპორტული და გასართობი არხის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, სანქციების შესაბამისად, შეუძლებელი გახდა რუსული ბარათებით პლატფორმაზე წევრობის საფასურის დაფარვა.
Disney, Universal Pictures, Paramount Pictures, Warner Bros, Sony Pictures – Disney-იმ რუსეთში ფილმების, მათ შორის Pixar-ის ახალი ნამუშევრის Turning Red-ის ჩვენება შეაჩერა. კომპანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჰუმანიტარული დახმარების გაწევასაც ცდილობს. მის მსგავსად, Universal Pictures-მა, Paramount Pictures-მა, Warner Bros-მა და Sony Pictures-მა რუსეთში კინოჩვენებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
Pornhub, OnlyFans – რუს მომხმარებლებს Pornhub-ზე შესვლისას კონტენტი დაბლოკილი ხვდებათ, სანაცვლოდ კი იღებენ უკრაინის მხარდამჭერ შეტყობინებას, უკრაინის დროშასთან ერთად. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ კი OnlyFans-მა პლატფორმაზე რუსი პორნოვარსკვლავებიც დაბლოკა.