ფოტო: Jeanne Accorsini / AP
ილონ მასკის ქონება ორშაბათს, SpaceX-ის აქციების ფასის მორიგი ვარდნის გავლენით, $900 მილიარდს ჩამოსცდა. შუადღისთვის SpaceX-ის აქციების ღირებულება 3.8%-ით, $140-მდე დაეცა და თითქმის მიუახლოვდა გასული თვის IPO-ს დროს შეთავაზებულ $135-იან ღირებულებას. პარალელურად, დაახლოებით 3%-ით დაეცა ელექტრომობილების მწარმოებლის, Tesla-ს, აქციების ფასიც.
SpaceX-ის აქციების ფასის მორიგი ვარდნის გავლენით, მასკის ქონება $37.9 მილიარდით შემცირდა და Forbes-ის შეფასებით, $880 მილიარდს უტოლდება. თუმცა მასკი კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს და შესამჩნევად უსწრებს Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზე მყოფ პირებს — Google-ის თანადამფუძნებლებს, ლარი პეიჯსა ($288 მილიარდი) და სერგეი ბრინს ($266 მილიარდი).
შეგახსენებთ, მასკი SpaceX-ში 4.8 მილიარდ აქციასა და დამატებით 350 მილიონ საფონდო ოფციონს ფლობს. ასევე, მის საკუთრებაშია Tesla-ს 700 მილიონამდე აქცია.
ილონ მასკის ქონებამ პიკურ ნიშნულს — $1.45 ტრილიონს — 16 ივნისს მიაღწია, მას შემდეგ, რაც SpaceX-ის აქციების ღირებულება ყველა დროის მაქსიმუმამდე გაიზარდა და $225-ს გადააჭარბა. თუმცა მას შემდეგ SpaceX-ის აქციების ფასი 38%-ზე მეტით, 17-დან 11 სავაჭრო სესიაზე დაეცა. ცნობისთვის, მასკმა მსოფლიოს პირველი ტრილიონერის სტატუსი სწორედ SpaceX-ის რეკორდული IPO-ს წყალობით მოიპოვა. კოსმოსური კომპანია $1.75-ტრილიონიანი ღირებულებით დაილისტა.
SpaceX-ის აქციების ფასის ვარდნის მიუხედავად, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები მასკის კომპანიის მიმართ კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. საინვესტიციო ფირმა Raymond James-მა კომპანიის აქციებისთვის $800-იანი სამიზნე ფასი დაადგინა, რაც SpaceX-ის საბაზრო ღირებულებას $10 ტრილიონზე მეტად აფასებს. FactSet-ის მონაცემებით, ანალიტიკოსების საშუალო სამიზნე ფასი $236-ია, Arete Research-ი აქციას $401-ად აფასებს, Morgan Stanley — $300-ად, ხოლო Goldman Sachs-ი — $205-ად.














