Spotify-ს სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა დაემატა

Spotify-ს სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა დაემატა

Spotify-ს აუდიოწიგნების მოსმენის ფუნქციონალი დაემატა, მაგრამ ამ ეტაპზე, ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება, – სიახლის შესახებ ინფორმაციას თავად შვედური გიგანტი ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, საწყის ეტაპზე Spotify-ის აუდიობიბლიოთეკაში სამასი ათასზე მეტი აუდიოწიგნი იქნება.

როგორც ჩანს, უახლეს ფუნქციონალს Spotify-ი სერიოზულად ეკიდება, რადგან აუდიოწიგნებისთვის ცალკე გამოყოფილი სივრცის გარდა, ისინი მთავარ გვერდზე არსებულ სარეკომენდაციო ველშიც გამოჩნდება. თავისთავად ცხადია, რომ დროთა განმავლობაში, საქმეში Spotify-ის მძლავრი ალგორითმი ჩაერთვება, რომელიც რეკომენდაციებს მსმენელის ინტერესებს მოარგებს. ამასთანავე, აუდიოწიგნები საძიებო ველშიც გამოჩნდება – ისე, როგორც ეს არტისტების, ალბომების, სიმღერებისა და პოდკასტების შემთხვევაში ხდება.

შვედური კომპანიის მიერ შექმნილი უახლესი პროდუქტის გამოყენება, შემდეგნაირად ხდება: მას მერე, რაც მომხმარებელი სასურველ აუდიოწიგნს ამოირჩევს, ჩართვის ღილაკზე მცირე ბოქლომს ნახავს, რომელიც მას ამა თუ იმ წიგნის შეძენისკენ მოუწოდებს. თუ მომხმარებელი წიგნის შეძენას გადაწყვეტს, სისტემა მას გადახდის ვებგვერდზე გადაიყვანს. კონკრეტული აუდიოწიგნის შეძენის შემდეგ, ის მომხმარებლის პირად ბიბლიოთეკაში გამოჩნდება.

Spotify-ში ამგვარი ფუნქციონალის დამატება მოულოდნელი სულაც არ არის, პირიქით – ეს პლატფორმის განვითარებისთვის ბუნებრივი ნაბიჯია. შეგახსენებთ, რომ პირველი აუდიოწიგნი – „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომელსაც ცნობადი სახეები კითხულობდნენ, შვედურ პლატფორმაზე ჯერ კიდევ 2020 წელს გამოჩნდა. მოგვიანებით, გასულ წელს, კომპანიამ პლატფორმაზე ის რამდენიმე წიგნი დაამატა, რომლებზეც საავტორო უფლება არ ვრცელდება – წიგნებს, ამ შემთხვევაშიც, ცნობილი ადამიანები კითხულობდნენ. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ გასული წლის ნოემბერში Spotify-მ აუდიოწიგნების პლატფორმა Findaway-ი შეიძინა.